საზოგადოება
სიკვდილის წინ სამი სიტყვა უთქვამს - „ღმერთი, სამშობლო და დედა“ - დევი ჩადუნელი აგვისტოს ომის გმირი
დევი ჩადუნელი 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლთაგან ერთ-ერთია სამცხე-ჯავახეთიდან. ის მეოთხე ბრიგადაში მსახურობდა და რუსული ავიაციის დაბომბვას 9 აგვისტოს, ცხინვალში  ემსხვერპლა. 

"რომ დაიღუპა 27 წლის იყო, ცხინვალში ჩვენი ჯარი რომ შევიდა მასობრივი დაბომბვის დროს 9 აგვისტოს. დილას დაიჭრა და საღამომდე იცოცხლა. სამედიცინო ეკიპაჟი ვერ მივიდა იქამდე, სადაც დევი იყო. ბიჭები ამბობდნენ, ძალიან იმედიანად იყო, ჩვენ ყველა დავტიროდით თავზე და ის ამბობდა მე დევი ვარ და ასე ადვილად არ მოვკვდებიო. სიკვდილის წინ სამი სიტყვა უთქვამს - „ღმერთი, სამშობლო და დედა“. გაღიმებული დაიღუპა, სახლში რომ მოგვიყვანეს სახეზე ღიმილი ჰქონდა“, - იხსენებს დევის და დალი ჩადუნელი.

როგორც მისი თანამებრძოლები იხსენებენ, დევის წინა ხაზიდან დაჭრილები გამოჰყავდა, ამ დროს მისი ბატალიონის კაპიტანი დაიჭრა, თვითონ ჯავშან-ჟილეტი გაუხდია და მისთვის მიუფარებია. მისი მეგობრები ჰყვებიან, რომ წელს ზემოთ შიშველი საქართველოს სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარისკაცებს წინ მიუძღოდა. გარდაცვლილი დევი ჩადუნელი, ბრძოლის ველიდან, თანამებრძოლებმა გამოიყვანეს. კაპრალი დევი ჩადუნელი, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით''მხედრული მამაცობისათვის''. 

"ეტყოდნენ ხოლმე ბიჭები, მართლა დევი ხარო, შემთხვევით არ დაურქმევიათ ეს სახელი შენთვისო. ბავშვივით გულუბრყვილო იყო, დიდთან დიდი და პატარასთან პატარა. ძალიან მამაცი და უშიშარი იყო ბავშვობიდან".

დევიმ სამხედრო სამსახურში რვა წლის განმავლობაში იმსახურა, ერაყში სამშვიდობო მისიებშიც მონაწილეობდა და კიდევ აპირებდა წასვლას. მისი მიზანი და მთავარი სურვილი ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანება იყო.

„ჩვენ რომ ნატოში ვიქნებით თანასწორუფლებიანი ვიქნებით და რუსეთი ადვილად ვეღარ მოგვერევაო. ძალიან დიდი გულშემატკივარი იქნებოდა უკრაინის. ის რომ ცოცხალი ყოფილიყო აუცილებლად წავიდოდა უკრაინის ომში. არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საკუთარი ქვეყნის დასაცავადაც. ეს ბრძოლა მხოლოდ უკრაინის არაა ეს ბროლა ჩვენიცაა. იმიტომ, რომ ჩვენ ერთი მტერი გვყავს. შეიძლება უკრაინაში ახლა ხდება ომი, მაგრამ ჩვენ რამდენჯერმე გადავიხადეთ ეს ბრძოლა. დარწმუნებულ ვარ, რომ მასაც იგივე პოზიცია ექნებოდა", - აღნიშნავს მებრძოლის და.

საუბრის დასასრულს დალი ჩადუნელი საკუთარ და მისი ძმის საერთო სურვილს გვიზიარებს.

„მინდა, რომ ჩემს შვილებს კაშკაშა და ნათელი ცხოვრება ჰქონდეთ, იცხოვრონ იქ, სადაც ყველაფერი თანამედროვე და ახალია, სადაც ინოვაციაა, მიღწევაა, სადაც სინათლეა და არა უკან წარსულში, სადაც მსგავსიც კი არაფერია“

აგვისტოში სამცხე-ჯავახეთიდან ექვსი მეომარი დაიღუპა. ადიგენიდან – ალექსანდრე ზაზაშვილი, არტემ ბალახაშვილი და დევი ჩადუნელი; ახალციხიდან – ანზორ გელდიაშვილი; ასპინძის სოფელ მირაშხნიდან – ტარიელ ქამაშიძე; ახალქალაქის სოფელ კოთელიიდან – თამაზ მელიქიძე.

| Print |