საზოგადოება
ძალადობასა და ნარკოდანაშაულში ბრალდებული კაბუ ახალციხეში წინასაახალწლო კონცერტზე იმღერებს
ქალზე ძალადობასა და ნარკოდანაშაულში ბრალდებული მსახიობი და რეპერი კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ 27 დეკემბერს ახალციხეში, წინასაახალწლო ღონისძიებაზე იმღერებს. ამის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ კონცერტში მონაწილეობის სურვილი რეპერმა თავად გამოთქვა და მერია მას ჰონორარს არ გადაუხდის.

შეგახსენებთ, რომ 29 ნოემბერს ქალზე ძალადობასა და ნარკოტიკების შეძენა/შენახვაში ბრალდებულმა კახა აბუაშვილმა, იგივე კაბუმ, სასამართლოს მიერ შეფარდებული 10 000-ლარიანი გირაო სრულად გადაიხადა და საპატიმრო დატოვა.

კაბუ 26 ნოემბერს დააკავეს - პროკურატურის ცნობით, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა.
| Print |