საზოგადოება
ცვლილებები, რომელიც 1-ლი მარტიდან ამოქმედდება
1-ლი მარტიდან, ქვეყანაში რამდენიმე ცვლილება ამოქმედდება, რომელიც შეეხება როგორც ბიზნეს სექტორს ასევე მომხმარებლებს.

1. სარეკლამო შეტყობინებები წინასწარი თანხმობის გარეშე აღარ გამოიგზავნება

ეს ერთ-ერთია იმ სიახლეებიდან, რომლებსაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი ითვალისწინებს. კანონში ეს სიახლე 2024 წლის 1-ლი მარტიდან ამოქმედდება.

ბიზნესი აღნიშნულ რეგულაციასთან დაკავშირებით, აცხადებს რომ დამატებით ხარჯს მოითხოვს, რადგან თითოეული კომპანია ვალდებული იქნება, განაახლოს მათი დოკუმენტაცია, თუმცა, მათივე ცნობით, ინფორმაციის მომხმარებლამდე მიტანისთვის სხვა მიმართულებას გამოიყენებენ.

2. აბასთუმნის ობსერვატორიაში ასტროტურებზე საექსკურსიო მომსახურება

აბასთუმნის ობსერვატორიაში ასტროტურებზე საექსკურსიო მომსახურება, ტელესკოპზე მიმდინარე პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 2024 წლის 29 თებერვლამდე შეჩერდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნულმა ასტროფიზიკურმა ობსერვატორიამ გაავრცელა.

"ტელესკოპზე მიმდინარე პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღისა და ღამის ასტროტურებზე საექსკურსიო მომსახურება დროებით (01.01.2024 წ.– 29.02.2024 წ.) შეჩერებულია" - ნათქვამია განცხადებაში.

ობსერვატორიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საექსკურსიო მომსახურება 2024 წლის მარტიდან აღდგება.

3. მწვანე ავტობუსები, რომლებიც ახალციხიდან სოფლების მიმართულებით და ქალაქში იმოძრავებს

2024 წლის მარტიდან ახალციხესა და მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალი ავტობუსები იმოძრავებენ. ამის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი ლაზარაშვილმა 26 სექტემბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

4. მარტიდან მოსალოდნელია საწვავის გაძვირება

საქართველოში საწვავი შესაძლოა, 10-15 თეთრით გაძვირდეს. საქმე ეხება რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 1-ლი მარტიდან, საწვავის ექსპორტი 6 თვით აიკრძალება.

5. რუსეთი მარტიდან ბენზინის ექსპორტს 6 თვით კრძალავს

რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინმა 1-ლი მარტიდან ბენზინის ექსპორტის 6 თვით აკრძალვის შესახებ დადგენილება დაამტკიცა. ამის შესახებ სააგენტო RBC-ს ფედერაციის მთავრობასთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა.

ექსპორტის დროებითი აკრძალვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში,“ ასევე, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში, მონღოლეთსა და უზბეკეთში მიწოდების შეთანხმებულ მოცულობებზე არ ვრცელდება.

ცნობისთვის, რუსეთი საქართველოსთვის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორია. შესაბამისად, ეს ცვლილება გარკვეულ გავლენას საქართველოში საწვავის ფასზეც იქონიებს. ნავთობიმპორტიორების ცნობით, მოსალოდნელია რომ ამ შეზღუდვის შემდეგ საქართველოში საწვავი 10-15 თეთრით გაძვირდება.

6. ავტოსადგურებს სერტიფიცირება მოუწევთ, მგზავრების გადასაყვანად კი შესაბამისი ნებართვა გახდება საჭირო

პარლამენტმა „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო. შედეგად, ავტოსადგურებს სერტიფიცირება მოუწევთ, მგზავრების გადასაყვანად კი შესაბამისი ნებართვა გახდება საჭირო.

ცვლილებების ავტორი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა, რომელთა განმარტებითაც, ცვლილებების მიღების ძირითადი მიზეზია საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის სფეროში და სამგზავრო ავტოსადგურებში არსებული მდგომარეობა.

ცვლილების თანახმად, ახალი წესები 2024 წლის 1-ლი მარტიდან ამოქმედდება.

7. წვევამდელების საგაზაფხულო გაწვევა მარტიდან დაიწყება

2024 წლის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა 4 მარტს დაიწყება და 29 ივნისამდე გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ავრცელებს.

8. GE დომენის ფასი იზრდება


1-ლი მარტიდან GE დომენის ფასები იცვლება. როგორც კომპანია FastCloud-ი იტყობინება, რეგისტრაციისა და განახლების ფასი 50 ლარამდე გაიზრდება. ხოლო მეორე დონის დომენების ღირებულება 30 ლარი გახდება.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ კომპანიაში ცვლილებამდე დომენის რეგისტრაცია და განახლება 30 ლარი ღირდა, ხოლო მეორე დონის დომენის ღირებულება 12 ლარს შეადგენდა.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ domenebi.ge-ში განუცხადეს, 1-წლიანი ხელშეკრულების შემთხვევაში, ფასი 50 ლარი გახდება, ხოლო 2-5 წლამდე თანამშრომლობის შემთხვევაში, დომენების ფასი 30 ლარი დარჩება. გაძვირება დაადასტურეს grena.ge-შიც.

9. საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შესვლა ძვირდება

2024 წლის 1-ლი მარტიდან, საქართველოს ტერიტორიებზე შესასვლელი ბილეთის ფასები იცვლება. აღსანიშნავია, 6 წლამდე ბავშვები ტერიტორიაზე მარტიდანაც უფასოდ დაიშვებიან, ხოლო 6-18 წლამდე 5,5 ლარი შენარჩუნდება.

1-ლი მარტიდან ბილეთების ფასი დაცულ ტერიტორიებზე ეღირება:

მარტვილის კანიონი:

საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები - 10,35 ლარის ნაცვალად - 12 ლარი.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 17,25 ლარის ნაცვალად - 20 ლარი.

ნავით გასეირნება - 15 ლარის ნაცვლად - 20 ლარი.

ოკაცეს კანიონი:

საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები - 9,20 ლარის ნაცვალად - 12 ლარი.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 17,25 ლარის ნაცვალად - 20 ლარი.

ოკაცეს (კინჩხა) ჩანჩქერი:

საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები - 10,35 ლარის ნაცვალად - 12 ლარი.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 17,25 ლარის ნაცვალად 20 ლარი.

პრომეთეს მღვიმე:

საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები - 11,50 ლარის ნაცვალად - 12 ლარი.

ნავით გასეირნება 11,50 ლარის ნაცვალად - 13 ლარი.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 23 ლარის ნაცვალად - 25 ლარი.

ნავით გასეირნება - 17,25 ლარის ნაცვალად - 20 ლარი.

სათაფლია:

საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები - 8 ლარის ნაცვალად - 10 ლარი.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 17.25 ლარის ნაცვალად - 20 ლარი.

ნავენახევის მღვიმე:

საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები რჩება უცვლელად - 8 ლარი.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 11,50 ლარის ნაცვალად - 12 ლარი.

10. iPhone-ზე „ანდროიდის“ აპლიკაციების გადმოწერას შეძლებთ

Apple არსებობის ისტორიაში პირველად, iPhone-ებზე, ევროკავშირის ახალი რეგულაციების მიხედვით, შესაძლებელს გახდის App Store-ის გარეთ არსებული აპლიკაციების გადმოწერას. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიამ 25 იანვარს გამოაქვეყნა, რათა დეველოპერებმა, რომლებიც მხოლოდ „ანდროიდ“ სისტემებისთვის ქმნიან და ქმნიდნენ აპლიკაციებს, მათი ინტეგრაცია IOS-ზეც მოახდინონ. აღნიშნული სიახლის დანერგვა, 2024 წლის მარტიდან იგეგმება.
| Print |