სარეკლამო შეტყობინებები წინასწარი თანხმობის გარეშე აღარ გამოიგზავნება
სარეკლამო შეტყობინებები წინასწარი თანხმობის გარეშე აღარ გამოიგზავნება. ეს ერთ-ერთია იმ სიახლეებიდან, რომლებსაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი ითვალისწინებს.
კანონში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ პუბლიკაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI) აქვეყნებს.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სარეკლამო შეტყობინებების მიღებაზე მიცემული თანხმობის უარყოფა პირს ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია. მოთხოვნის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებული იქნება შეწყვიტოს პირის მონაცემთა დამუშავება. კანონში ეს სიახლე 2024 წლის 1-ლი მარტიდან ამოქმედდება.
ახალი კანონის მიხედვით, 2024 წლის 1-ლი ივნისიდან ნებისმიერი საჯარო დაწესებულება და ასევე კერძო კომპანიების ნაწილი ვალდებული იქნება ჰყავდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.
ასეთ კომპანიებს შორისაა სადაზღვევო ორგანიზაცია, კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, საკრედიტო ბიურო, ავიაკომპანია, აეროპორტი, სამედიცინო დაწესებულება, რომელიც მომსახურებას უწევს წელიწადში არანაკლებ 10 000 მონაცემთა სუბიექტს.
კანონით ასევე განისაზღვრება საჯარო ან კერძო სივრცეში აუდიოჩაწერის (აუდიომონიტორინგის) წესი და პირობები, ზუსტდება საჯარო ან კერძო სივრცეში განთავსებული ვიდეოკამერების საშუალებით ჩანაწერის განხორციელების წესი (ვიდეომონიტორინგი), დადგინდა მონაცემების უსაფრთხოების დარღვევისას ინსპექტორისათვის შეტყობინების ვალდებულება, განისაზღვრა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის საკანონმდებლო გარანტიები, გარდა ამისა, იზრდება მონაცემთა დამუშავების საფუძვლები და იმ პირის უფლებები, ვისი მონაცემებიც მუშავდება.