საზოგადოება
მწვანე ავტობუსებმა სატესტო რეჟიმში მოძრაობა დაიწყეს

 

დღეს, 29 მარტს ახალციხეში ახალმა ავტობუსებმა მოძრაობა დაიწყეს. მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ პირველ ეტაპზე, მუნიციპალური ტრანსპორტი სატესტო რეჟიმში ქალაქის მასშტაბით იმოძრავებს და მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

„ავტობუსებმა დილის 08: 00 საათიდან დაიწყეს მოძრაობა საბარგო სადგურის, რაბათის უბნის, ზარზმელის ქუჩის, საავადმყოფოს და წრიული მარშრუტებით. განრიგისა და აღნიშნული მარშრუტების შესახებ თანამშრომლებს დეტალური ინსტრუქცია კიდევ ერთხელ გააცნო ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალური ტრანსპორტის“ დირექტორმა თორნიკე ხმალაძემ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის მხარდაჭერით, ახალციხის მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 18 ახალი სამგზავრო ავტობუსი ჰყავს. EURO 5-ის შესაბამისი, კომფორტული ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის“
,– წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალციხის მუნიციპალიტეტს, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 18 ახალი სამგზავრო ავტობუსი 16 თებერვალს გადაეცა. ახალციხის მერის განმარტებით მძღოლებისთვის 70 ვაკანსია გამოცხადდა. დასაქმებულთა ანაზღაურება ხელზე ასაღები თანხა დაახლოებით 800 ლარია. ახალციხის მერის ირაკლი ლაზარაშვილის განცხადებით, 18-დან სამი ავტობუსი ქალაქს, დანარჩენი კი მუნიციპალიტეტის სოფლებს მოემსახურება.

EURO 5-ი სტანდარტის შესაბამისი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენას და შემდგომ განვითარებას, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფინანსური რესურსით განხორციელდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 38 მუნიციპალიტეტისთვის „ისუზუს“ ფირმის 154 ერთეული, 8-მეტრიანი ავტობუსები იქნა შეძენილი.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემის მოგვარებას ადგილობრივებს ჯერ კიდევ 2017 წელს ახალციხის ყოფილი მერი, ზაზა მელიქიძე დაჰპირდა. იგივე პრობლემის მოგვარების მოთხოვნით, 2021 წლის 2 ივლისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა– საქართველომ“ საკრებულოს პეტიციით მიმართა, რომელსაც ხელი 500–მა ადგილობრივმა მოაწერა.

2022 წლის 27 ოქტომბერს მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე მერმა, ირაკლი ლაზარაშვილმა პირობა დადო რომ 2023 წელს ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებდა.

2024 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებისთვის 2 650 200 ლარია გამოყოფილი,მათ შორის ა(ა)იპ–ის ფუნქციონირებისთვის 604 000 ლარია გათვალისწინებული, ხოლო 2 046 000 ლარი კი ავტობუსების მრავალწლიანი შესყიდვისთვის.

| Print |