საზოგადოება
„ამ ბიჭების სისხლისღვრა უკვალოდ არ ჩაივლის“ - თეა ჯაფარიძე
2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. რუსეთის აგრესიას ოფიციალური ინფორმაციით, 170 ჯარისკაცი, 14 პოლიციელი, 228 საქართველოს და 1 უცხო ქვეყნის მოქალაქე ემსხვერპლა, ხოლო დაკარგულად ითვლება 9 სამხედრო და 22 სამართალდამცავი პირი. ომს გმირები ჰყავს სამცხე-ჯავახეთშიც. რეგიონიდან 7 შვიდი ჯარისკაცი დაიღუპა და ათობით პირი დაიჭრა.
საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას შეეწირა დევი ჩდუნელი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვნიდან. 27 წლის დევი მეოთხე ბრიგადაში მსახურობდა და ცხინვალში, ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა. მესხი ჯარისკაცის გმირობის ამბებს დევის და დალი ჩადუნელი გვიყვება - „წინა ხაზიდან დაჭრილები გამოჰყავდა, ამ დროს მისი ბატალიონის კაპიტანი დაიჭრა, თვითონ ჯავშანჟილეტი გაუხდია და იმისთვის მიუფარებია. ბიჭები ჰყვებიან რომ წელსზემოდან შიშველი საქართველოს სისხლიან დროშას აფრიალებდა და წინ მიგვიძღოდაო“.
დალი ჩადუნელი იხსენებს, რომ ცხინვალში ქართული ჯარის შესვლის შემდეგ, რუსულმა მხარემ მათი დაბომბვა დაიწყო, რა დროსაც გამსკდარი ჭურვი დევის მარცხენა მხარში მოხვდა. ახლოს ტაძარი იყო და თანამებრძოლებისთვის უთქვამს, ტაძართან მივიდეთ, იმასაც ხომ არ დაბომბავენო, ტაძრის კედელთან მისული კი რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
რუსეთის აგრესიას შეწირული გმირის დას სჯერა, რომ ჯარისკაცების გმირობა არ დაიკარგება და გაერთიანებული, დამოუკიდებელი საქართველოს გზა ევროპისკენ წარმატებით გაგრძელდება.
„ჩვენი ადგილი რუსეთში არასდროს იყო, ჩვენ რუსეთის არც მისწრაფებების და მითუმეტეს, არც კულტურის ნაწილი ვართ. ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი და ამ რეალობას ვერც მთავრობა და მითუმეტესმ ვერც რომელიმე კონკრეტული ჯგუფი ამ ფაქტს ვერ შეცვლის. ჩვენმა გმირებმაც ამას შესწირეს თავი, მათ სისხლი ტყუილად არ დაუღვრიათ და მჯერა, რომ მათი თავგანწირვა უკვალოდ არ ჩაივლის“ - გვეუბნება დალი ჩადუნელი.
რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციიდან 16 წლის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ ე.წ „რუსულ კანონი“ მიიღო. გმირების ოჯახის წევრები ,,ქართული ოცნების" სვლას ჩრდილოეთისკენ აპროტესტებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ რუსეთთან ნებისმიერი სახის ურთიერთობა მიუღებელია. 2008 წლის აგვისტოს ომს შეწირულთა ოჯახებისთვის რუსეთის აგრესია და ოკუპაცია აგვისტოს მოვლენებით არ დაწყებულა და არც დასრულებულა. დაღუპულთა ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ ქვეყნის ერთადერთი გამოსავალი ევროპაშია.
„ჩვენ ბიჭებმა იმიტომ შესწირეს თავი, რომ თავისუფალ ქვეყანაში გვეცხოვრა. ისევ გვებრძვის რუსეთი, ისევ იღვრება სისხლი და ისევ იმოსებიან შავებში მათი დედები და ცოლები. იმედია ყველაფერი უკეთესობისაკენ შეიცვლება და ჩვენი დაღუპული ბიჭების სისხლისღვრა უკვალოდ არ ჩაივლის. ჩვენ არ გვინდა ეს კანონი, რადგან რუსული კარგს არაფერს მოგვიტანს“ -გვეუბნება თეა ჯაფარიძე, აგვისტოს ომის გმირის თამაზ მელიქიძის მეუღლე.
აგვისტოს ომის დაწყების დროს უფროსი სერჟანტი თამაზ მელიქიძე 32 წლის იყო და გორის ჯავშანსატანკო ბატალიონში მსახურობდა. თამაზ მელიქიძის სიცოცხლე 8 აგვისტოს, გორის სამხედრო ბაზის დაბომბვას ემსხვერპლა. მასთან ერთად კიდევ 18 ჯარისკაცი დაიღუპა. ომის გმირს 8 და 5 წლის გოგოები დარჩა.მისი მეუღლე თეა ჯაფარიძე 15 წელია, მეუღლის გზას აგრძელებს და თბილისის საინჟინრო ბატალიონში მსახურობს.
8 აგვისტოს მთავრობის წარმომადგენლებმა, აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი წელსაც გვირგვინით შეამკეს და გაიხსენეს 16 წლის წინ მომხდარი აგრესია.
საზოგადოების ნაწილის განწყობის მიუხედავად, 28 მაისს ხელისუფლებამ მაინც მიიღო „ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი. მსგავსი კანონი 2012 წლიდან მოქმედებს რუსეთში და ეტაპობრივად სულ უფრო მძიმდება. კანონის ამოქმედების შემდეგ ოკუპანტ ქვეყანაში მრავალი ორგანიზაცია დაიხურა. რუსეთში აღარ არსებობს დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო საზოგადოება.
როგორც უკვე ცნობილია, საქართველოში მიმდინარე პროცესებს დასავლეთის მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა. კრიტიკულ განცხადებებთან ერთად, საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის პროცესი შეჩერდა, ამოქმედდა სხვადასხვა სანქციები და ფინანსური შეზღუდვები, როგორც ევროპის ისე ამერიკის მხრიდან. საქართველოში კი პრეზიდენტმა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, კანონის შეჩერების მოთხოვნით, რომელსაც სასამართლო დაახლოებით ერთი თვის ვადაში განიხილავს.
გააზიარეთ :