25 მარტს, კათოლიკე და სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ, იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლა – ბზობის დღესასწაული იზეიმა.
დღესასწაული, მესხეთში მცხოვრებმა მორწმუნე კათოლიკეებმა, რაბათის წმინდა სავარდის სახელობის ტაძარსა და არლის წმ. იოსების სახელობის ტაძარში, საზეიმო წირვით აღნიშნეს.
მრევლმა და სასულიერო პირებმა სახარებიდან ის ადგილი წაიკითხეს, სადაც ქრისტეს იერუსალიმში დიდებით შესვლაა აღწერილი.
სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლმა, ბზობა რაბათის გრიგორ განმანათლებლის სახელობის ეკლესიაში აღნიშნა.
ტაძრებში ბზა იკურთხა, როგორც სიმბოლო უფლისთვის მიგებებისა. მცენარის რტოები მლოცველებს დაურიგეს. საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, მრევლმა წმინდა წიარება მიიღო.
სახარების მიხედვით, იერუსალიმში, პასექის დღესასწაულზე დასასწრებად შესულ იესო ქრისტეს, მოსახლეობა ზეიმით შეეგება. ხალხი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს და პალმის ტოტებს — ბაიას უფენდა, თან „ოსანას“ შესძახოდნენ.
ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, პალმის მაგივრობას ბზა ასრულებს.