სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტში კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი იმ ადამიანთა ხსოვნას, რომლებმაც 29 წლის წინ ქვეყნის დამოუკიდებლობას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს.
1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გმირები გაიხსნეს და მემორიალებიი გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს ასპინძაში. წმინდა გიორგის სახელობის ხვილიშის წინამძღვარმა -დეკანოზმა მამა ზოსიმემ მემორიალთან, 9 აპრილს დაღუპულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. რის შემდეგ, ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,წუნდა''-მ რამდენიმე ქართული ხალხური სიმღერა და საგალობელი შეასრულა. სიმღერის ფონზე ახალგაზრდებმა წაიკითხეს ლექსები.
9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას მიაგეს პატივი ქალაქ ნინოწმინდაში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სტუმრებთან ერთად ქ. ნინოწმინდის ცენტრში მდებარე ჰაიოს-ქართლოსის პარკში 9 აპრილს,საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის და საქართველოს თავისუფლებისა და ერთიანობისთვის დაღუპულთა მოხსენების დღეს, დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
ამ დღესთან დაკავშირებით, ბორჯომში, 9 აპრილის სახელობის სკვერში შეიკრიბნენ და სამშობლოსათვის თავდადებულ გმირებს პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს. მათ მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს. წაღვერის კულტურის სახლთან არსებულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა „თილისმამ“ საგალობლები და სამშობლოზე სიმღერები შეასრულა. მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს. ადგილზე ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი ანსამბლ „შევარდენის“ მოცეკვავეებიც იმყოფებოდნენ.
ადიგენში, 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენების შედეგად დაღუპული გმირები გაიხსენეს. მემორიალი გვირგვინით შეამკეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. დაბა ადიგენის ეკლესიის წინამძღვარმა მამა რევაზიმ ამ დღეს დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, იმ ღამეს 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის უმეტესობა ქალები და სკოლის მოსწავლეები იყვნენ. დაღუპულთა გარდა იყვნენ დაჭრილებიც, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე მომიტინგე. მათი მთავარი მოთხოვნა საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლა და დამოუკიდებლობის აღდგენა იყო.