სოფლის მეურნეობა
ახალციხის სოფლებში ყირიმ-კონგოს ცხელებით 4 ადამიანი დაავადდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ყირიმ-კონგოს შემთხვევები დაფიქსირდა. მწვავე ვირუსული ინფექცია იმ პირებს უდასტურდებათ, ვისაც პირუტყვთან შეხება უწევს. ამ დროისათვის ვირუსული ინფექცია ოთხ სოფელშია გამოვლენილი: კლდეში, საყუნეთში, მუსხსა და ჭვინთაში. ბოლო ორ კვირაში გამოვლენილი მძიმე და საშუალო შემთხვევებიდან, მკურნალობას ყველა მთგანი დაექვემდებარა. ინფიცირებული პირები თბილისში - ინფექციურ სავადმყოფოსა და ბოჭორიშვილის კლინიკაში არიან გადაყვანილი.

ჰემორაგიული ცხელება ყველაზე ბოლოს სოფელ კლდეში დადასტურდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ყირიმ-კონგოს შემთხვევა აქ პირველად დაფიქსირდა. ინფექცია 55 წლამდე ასაკის ქალს დაუდასტურდა. იგი კატასტროფის ჯგუფმა ახალციხიდან თბილისში გადაიყვანა, პაციენტი ინფექციური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

გასულ თვეში ყირიმ კონგოს შემთხვევები დაფიქსირდა ასპინძის მუნიციპალიტეტშიც.ყირიმ-კონგოს ცხელება მძიმე ვირუსული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე ტკიპების ნაკბენით ვრცელდება. ყირიმ-კონგოს ვირუსი ეპიდაფეთქებებით ხასიათდება. ვირუსული ინფექციის ძირითადი გადამტანები მინდვრის თაგვები და ტკიპები არიან. ტკიპამ ჯერ უნდა უკბინოს დაავადებულ მღრღნელს, რომელიც ინფექციის ძირითადი რეზერვუარია და შემდეგ - ადამიანს.

დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, ჩნდება სისხლჩაქცევები კანზე, კანქვეშ, ნაკბენის მიდამოებში და ვითარდება სისხლდენა შინაგანი ორგანოებიდან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო ორ კვირაში, სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოს 9 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან ხუთი ასპინძის, ხოლო ოთხი ახალციხის მუნიციპალიტეტში.
| Print |