ახალციხეში სტომატოლოგიური კლინიკები მესამე წელია არ შემოწმებულა
11:12 / 05.03.2020
ინფექციური დაავადებების ერთ-ერთ წყაროდ, სტომატოლოგიური კაბინეტები მიიჩნევა. ამიტომ ჯანდაცვის სამინისტროს ეს კლინიკები მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო დაწესებულებების კატეგორიაში აქვს შეტანილი. ამის მიუხედავად აღმოჩნდა, რომ მესამე წელია ახალციხეში სტომატოლოგიური კაბინეტები არ შემოწმებულა.
ახალციხელი ჟუკა ბალახაშვილი სტომატოლოგიურ კაბინეტს იშვიათად სტუმრობს. პროცედურების ჩატარებამდე, კლინიკის შერჩევისას ექიმის პროფესიონალიზმთან ერთად, დაწესებულების ჰიგიენური მდგომარეობითა და ინსტრუმენტების სტერილიზაციით ინტერესდება.
„ყოველთვის ერთსა და იმავე სტომატოლოგიურ კლინიკაში დავდიოდი. ყოველ ჯერზე ვინტერესდებოდი რამდენად ხშირად ხდებოდა ინსტრუმენტების სტერილიზაცია. ახლა ჩემმა მეგობარმა სხვა კლინიკა მირჩია, როდესაც მივედი და მდგომარეობა ვნახე მივხვდი, რომ ჩემ კლინიკაზე მეტად ხდება ჰიგიენური ნორმების დაცვა“, - გვითხრა ახალგაზრდა გოგომ.
ჟუკას მსგავსად, სტომატოლოგთან ვიზიტისას ჰიგიენურ ნორმებს აკვირდება პაციენტების უმეტესობა. ახალციხელები ამბობენ, რომ დადიან იქ, სადაც ინსტრუმენები სტერილურია და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ექმნება.
ახალციხის მუნიციპალიტეტში 15 სტომატოლოგიური კაბინეტია რეგისტრირებული, აქედან მხოლოდ ერთი მუშაობს ქალაქ ვალეში, დანარჩენი კი ქალაქ ახალციხეში. აღმოჩნდა, რომ ხელსაწყოების სტერილიზაცია მხოლოდ სტომატოლოგიური კლინიკების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. სსიპ „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში“ გვითხრეს, რომ მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების შემოწმება ხორციელდება გეგმა-გრაფიკის მიხედვით, თუმცა მესამე წელია ახალციხეში არც ერთი სტომატოლოგიური კაბინეტი არ შემოწმებულა.
„სააგენტოს მიერ, ახალციხის მუნიციპალიტეტში სტომატოლოგიური პროფილის სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებების შემოწმება 2018-2019 წლებში არ განხორციელებულა“, - წერია განცხადებაში, რომელიც სააგენტოდან ინფორმაციის გამოთხოვის საპასუხოდ მივიღეთ.
აივ/ინფექცია, B და C ჰეპატიტები - ეს არის ყველაზე საშიში ინფექციური დაავადებები, რომლებიც არასტერილურ გარემოში, სტომატოლოგთან ვიზიტის შემდეგ შეიძლება აღმოგაჩნდეთ. ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგი და ინფექციონისტი ამბობს, რომ ბ ჰეპატიტით დაავადებული პაციენტების რაოდენობა, რამდენიმე ათეული წლის წინანდელ პერიოდს თუ შევადარებთ, მნიშვნელოვნად შემცირდა. რაც შეეხება სტომატოლოგიურ კაბინეტებს - ქეთევან ჯინჭველაძე ამბობს, რომ ახალციხეში კლინიკებს კარგი სასტერილიზაციო საშუალებები აქვთ. „ყველა პაციენტი, ვისაც აღენიშნება ინფექცია, აქვს თავისი ვერსია. სტომატოლოგთან იყო, ფრჩხილები გაიკეთა სალონში და ა.შ. ამ დროს შესაძლოა, მიზეზი სხვა რამ იყოს, თუმცა მისი ეჭვი გასათვალისწინებელია. ასეთ დროს წყაროს დადგენაც თითქმის შეუძლებელია. სამედიცინო მანიპულაციის დროს შესაძლოა, ორგანიზმში მოხვდეს ინფექცია, რომელიც ოთხი თვე არც ერთი ლაბორატორიული კვლევით არ ჩანს. ეს ადამიანი შესაძლოა, იყოს სისხლის დონორი და ინფექცია სხვა პირს გადასცეს“.
ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, სტომატოლოგიური კაბინეტების შემოწმების ან დაჯარიმების უფლება არ აქვს, თუმცა უწყებაში ამბობენ, რომ ექიმებს პერიოდულად ესაუბრებიან.
„სტომატოლოგიურ კაბინეტებში მუშაობს მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების ხალხი. უპასუხისმგებლო სტომატოლოგი არ ვიცი ახალციხეში. ყველა ცდილობს, რომ ყველაფერი წესრიგში ჰქონდეს“, - გვითხრა ქეთევან ჯინჭველაძემ.
პაციენტი, რომელიც დაავადების წყაროდ სტომატოლოგიურ დაწესებულებას დაასახელებდა, ჯერ არ ჰყოლია ინფექციონისტ ნესტან უშხვანს.
„არასტერილური ინსტრუმენტები ძალიან ბევრი ინფექციური დაავადების წყარო შეიძლება იყოს. ყველაზე საშიში შიდსი და ჰეპატიტებია. არ მქონია შემთხვევა, რომ პაციენტს რაიმე დაავადების გამავრცელებლად სტომატოლოგიური კაბინეტი დაესახელებინოს“, - გვითხრა ინფექციონისტმა ნესტან უშხვანმა.
კლინიკებში ადასტურებენ, რომ მათ სამუშაო სივრცეს ხშირად არ ამოწმებენ, თუმცა ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვა მათ ინტერესებშიც შედის. სტომატოლოგები ირწმუნებიან, რომ იარაღები დღეში რამდენჯერმე ირეცხება, შემდეგ კი სპეციალური ხსნარით სტერილიზაცია უტარდება.
სანქციები, რომელიც წესების დარღვევის შემთხვევაში კლინიკებს ემუქრებათ, მაღალი არ არის. სტომატოლოგიური დაწესებულებები უნდა აკმაყოფილებდნენ „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნომბრის #359 დადგენილებით და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებს. ტექნიკური რეგლამენტიოთ განსაზღვრული პირობების დარღვევისთვის სანქცია გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით. მაგალითად, 44 მუხლის თანახმად, ტექნიკური რეგლამენტის შეუსრულებლობა პირველ ეტაპზე, 200-დან 500 ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს, იგივე ქმედება განმეორებით - 1 000 ლარიან ჯარიმას. ამავე მუხლის მერვე ნაწილის მიხედვით, თუ მაღალი რისკის შემცველ სამედიცინო საქმიანობას ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე დაიწყებს, პირი 1 00 ლარით დაჯარიმდება.
სსიპ „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში“ გვითხრეს, რომ სამედიცინო დაწესებულებებში, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის პირობების შემოწმება შესაძლებელია ჩატარდეს წელიწადში ერთხელ. კითხვაზე - როდის შეამოწმებენ ახალციხეში სტომატოლოგიურ დაწესებულებებს, სააგენტოში ზუსტი პასუხი არ გაგვცეს და გვითხრეს, რომ „შემოწმების ჩატარება იგეგმება უახლოეს პერიოდში“. მანამდე კი მოქალაქეების უსაფრთხოება სტომატოლოგების „მაღალ მოქალაქეობრივ შეგნებაზეა“ დამოკიდებული.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.