ექიმების პეტიციას სამცხე-ჯავახეთიდანაც უერთდებიან
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა და საქართველოს მთავრობის მიერ არჩეული კურსის გამო, პირველი დეკემბრიდან პეტიცია შეადგინეს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა, რომელსაც ხელს ქვეყნის მასშტაბით და არა მხოლოდ, სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ექიმები აწერენ.
ამ დროისათვის პეტიციას ხელს 2037 ექიმი აწერს, მათ შორის არიან სამცხე-ჯავახეთში მომუშავე ექიმები. მანიფესტს ახალციხიდან მაია ზაზაძე, ცირა ზაზაძე, თამარ ზედგინიძე, ასევე ბორჯომიდან სათენიკ ალექსანიანი და ნინოწმინდიდან სვეტლანა თუმასიანი უერთდებიან.
"ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები სრულად ვაცნობიერებთ, პროფესიულ პასუხისმგებლობას. ჩვენი მოვალეობაა, დავიცვათ ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ღირსება, რასაც ყველაზე უკეთ თავისუფალ და დემოკრატიულ საზოგადოებაში შევძლებთ.
ვხედავთ, რომ ქვეყნის დღევანდელი მმართველები არ იცავენ კანონს, თელავენ ადამიანის უფლებებს, ძალადობენ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ და ძირს უთხრიან საქართველოს ევროპულ მომავალს.
ექიმები ვდგავართ, ქართველ ხალხთან ერთად, ჩვენი თავისუფლებისა და საერთო სახელმწიფოს გადარჩენისთვის ბრძოლაში.
საქართველოს მომავალი დემოკრატიულ საერთაშორისო თანამეგობრობაშია. საქართველოს ადგილი ევროპის კავშირშია" -ამბობენ ექიმები მანიფესტი.
საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, უკვე არაერთი პეტიცია შეადგინეს, რომლითაც ისინი, ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებას, ასევე აქციებზე, მშვიდობიანი მონაწილეების დარბევასა და მათზე ძალადობას აპროტესტებენ.