სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებზე სამცხე-ჯავახეთიდან ხუთი სტუდენტი ჩაირიცხა. ახალგაზრდებმა სრული დაფინანსება მოიპოვეს.
სან დიეგოს უნივერსიტეტში ჩარიცხული ხუთივე სტუდენტი ახალციხის მუნიციპალიტეტიდანაა. ესენი არიან: ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული – ქეთევან კაპანაძე; მეხუთე საჯარო სკოლიდან – თენგიზ გოგალაძე, პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე– თათია კოტაძე, კერძო სკოლა “მზექა”–ს მოსწავლე ფიქრია დალალიშვილი და ვალის პირველი საჯარო სკოლიდან – პეტრე მანველიშვილი.
“ჩემთვის სდსუ-ში ჩარიცხვა, ვფიქრობ, წარმატებული და პერსპექტიული მომავლის გარანტიაა, რადგან ამერიკული განათლება და დიპლომი საკმაოდ ბევრს ნიშნავს. ჩემთვის სან დიეგო, ამ ეტაპზე, ერთადერთია რაზეც ვფიქრობ და ორიენტირებული ვარ. არ ველოდი, მაგრამ იმდენად მინდოდა და იმდენად მოვინდომე, რომ შევძელი მოხვედრა”– აღნიშნავს “მეცხრე არხთან” სანდიეგოს უნივერსიტეტის ერთ–ერთი სტუდენტი პეტრე მანველიშვილი.
თენგიზ გოგალაძისთვის კი სან დიეგოს უნივერსიტეტი ამერიკული განათლება და კომპიუტერულ მეცნიერებაში მიღებული დიპლომია, რაც საქართველოსთვის იშვიათია.
“სან დიეგოს უნივერსიტეტი არის ძალიან კარგი შანსი საქართველოშივე მივიღო ამერიკული განათლება და დიპლომი კომპიუტერული მეცნიერებაში, მითუმეტეს მაშინ, როცა ეს სფერო საკმაოდ ჩამორჩენილია ჩვენთან. მარტივად რომ ვთქვა, ბევრ შესაძლებლობებს ნიშნავს სან დიეგო ჩემთვის. ისე მოხდა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების წინა დღეს გავიგე გრანტის შესახებ და სრულიად შემეცვალა გეგმები, სხვა ვარიანტების განხილვას აზრი აღარც ჰქონდა” – ამბობს თენგიზ გოგალაძე.
2015 წელს სამცხე-ჯავხეთიდან სრული დაფინანსებით, მხოლოდ ერთი სტუდენტი – ნათია მეტრეველი ჩაირიცხა.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის (STEM) დარგში, აშშ-ში ერთ-ერთი მოწინავე უნივერსიტეტია .
საქართველოში სან-დიეგოს უნივერსიტეტი აშშ-ის მთავრობის ინვესტიციით გაიხსნა და 2015 წელს საქართველოში ქართველი სტუდენტები პირველად მიიღო, რომლებიც STEM მიმართულებებით, ამერიკული ბაკალავრის ხარისხის მიღებას საქართველოდან გაუსვლელად შეძლებენ.
პროგრამები საქართველოს სამ სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელდება (ივ. ჯავახიშვილის, ილიას და ტექნიკურ უნივერსიტეტებში). უნივერსიტეტში სწავლა ინგლისურ ენაზეა. სტუდენტებს ლექციებს ძირითადად უცხოელი პროფესორები უკითხავენ. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს როგორც ქართულ, ასევე ამერიკულ დიპლომს.
SDSU პროგრამებზე სწავლა 7 500 აშშ დოლარი ღირს. სტუდენტებს სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მოპოვება შეუძლიათ.
თიკო კურტანიძე