ახალქალაქში ტყე იწვის
ხანძარია ახალქალაქში. სოფელ მაჯადიასთან ახლოს ცეცხლს ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის სამაშველო ჯგუფები აქრობენ.
ადგილობრივი გამოცემა ,,ჯინიუსი"-ს ცნობით, ცეცხლი ამ დროისათვის დასახლებული პუნქტიდან შორს, ტყეში, დაახლოებით 10 ჰექტარზეა გავრცელებული. გამოცემის ცნობით, ვითარებას ართულებს ის ფაქტიც, რომ ახალქალაქის ყველაზე დიდი ხანძარსაწინააღმდეგო მანქანა ბორჯომის ხეობაში მუშაობის დროს მწყობრიდან გამოვიდა. შექმნილი ვითარების გამო, ადგილობრივები დახმარებას ხელისუფლებას თხოვენ. ფიქრობენ, რომ დროული ლოკალიზებისთვის ვერტმფრენის გამოყენება აუცილებელია.
ხანძრის ლოკალიზებისთვის დასახმარებლად ახალციხიდან ორი რვატონიანი წყალმზიდი მანქანაც გავიდა. პირველადი ვერსიით, ხმელ ბალახზე დაუდევრობით გაჩენილი ცეცხლის გამო ხანძარი ტყეზე გადავიდა.