შს მინისტრი: ,,კავშირგაბმულობის სისტემა აწყობილია, ველოდებით სხვა ქვეყნების დახმარებას"
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, აბასთუმნის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარების თხოვნით საქართველოს რუსეთისთვის არ მიუმართავს.
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ საქართველოს უკრაინული თვითმფრინავი დაეხმარება, რომელიც ოდესიდან გამოფრინდა. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს:
„მიმართვა გაგზავნილი გვაქვს, მაგრამ კონკრეტულ პასუხს დღის მეორე ნახევარში გეტყვით. ამ დროისთვის გვეცოდინება, რა ძალები იქნება მობილიზებული ავიაციის თვალსაზრისით, თორემ ცოცხალი ძალა არ გვჭირდება, საკმარისი რაოდენობა ვართ ადგილზე“, - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.
,,მეცხრე არხი"–ს ჟურნალისტის, რუსუდან გვარამაძის ინფორმაციით, აბასთუმანში ადგილზე ამ დროისთვის 1000-მდე ადამიანის შემადგენლობით ცოცხალი ძალა მუშაობს, თუმცა დამატებით ბრიგადებს კიდევ ელოდებიან. ასევე მოწყობილია ხელოვნური ავზები, რათა ავიაციამ წყლის აღება შეძლოს.
მინისტრი აღნიშნავს, რომ აბასთუმნის ტყეში ღამის განმავლობში 5 კილომეტრამდე გზა უკვე გაიჭრა იმისათვის, რომ ტექნიკამ ხანძრის კერებამდე მისვლა შეძლოს.
„გამართული გვაქვს კავშირგაბმულობის სისტემა, ვინაიდან შიგნით ტყეში მობილური კავშირი არ არის, ძალიან გართულებულია და პრაქტიკულად, არ იჭერს ტელეფონები, მაგრამ ჩვენ რაციების საშუალებით ვუკავშირდებით ერთმანეთს და მთელი სისტემა აწყობილია. ხდება წყლის უწყვეტი მიწოდება ტყეში. ასე რომ, ჩვენ ვიმედოვნებთ, დღის მეორე ნახევრამდე კონკრეტულ შედეგებს დავდებთ“, - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.