პრემიები ბორჯომის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, ბორჯომის ხეობაში, ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოების მონაწილეებზე პრემიების გაცემის საკითხის მოგვარება ფინანსთა მინისტრს დაავალა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ამ სამუშაოებში დაახლოებით 3 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.
“რაც შეეხება ბორჯომის ხეობაში წაღვერის მახლობლად არსებული სტიქიის დაძლევის საკითხს, მასშტაბური ხანძარი ჩაქრა ძალიან ბევრი ადამიანის ძალისხმევით. მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ეს იყო ერთობლივი ძალისხმევა და ძალიან კოორდინირებული მუშაობა სახელმწიფო და კერძო უწყებების. მე მინდა ყველა ადამიანს, ვინც იქ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ებრძოდა გამძვინვარებულ სტიქიას, მადლობა გადავუხადო. სტიქიის მასშტაბები ახლა დგინდება და ის იყო ძალიან დიდი. 3 ათასზე მეტი ადამიანი იყო ჩართული ცეცხლის ჩაქრობაში, ესენი იყვნენ ჩვენი მეხანძრე-მაშველები, მეტყევეები, საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, ჯარისკაცები, ექიმები, ენერგეტიკის და სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლები, მოსახლეობის ნაწილი და კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებმაც ძალიან დიდი დახმარება გაგვიწიეს. ტექნიკით, ერთობლივი ძალისხმევით და კოორდინირებული მუშაობით ჩვენ შევძელით და ადამიანების სიცოცხლე და მათი ქონება გადავარჩინეთ განადგურებას. მინდა ფინანსთა მინისტრს დავავალო, რომ ვინც იყო ამ სტიქიებში ჩართული, პრემირების საკითხი უმოკლეს დროში იქნას მოგვარებული. მათ ნამდვილად ეკუთვნით წახალისება“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.