2 418 ნასვამი მძღოლი ორ თვეში
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ ახალი კანონის ამოქმედებიდან პირველ სექტემბრამდე, საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში ყოფნის გამო, საქართველოს მასშტაბით, მართვის მოწმობა 2 418 პირს ჩამოერთვა.
ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ ჯარიმებთან დაკავშირებული სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ნათია მღებრიშვილმა სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა.
სამინისტროს მონაცემებით, კანონის ამოქმედების დღიდან, პირველი ივლისიდან პირველ სექტემბრამდე, ალკოჰოლურ სიმთვრალეზე, მართვის მოწმობის ექვსი თვით ჩამორთმევით მხოლოდ თბილისში დაჯარიმდა 836 მძღოლი. თბილისის შემდეგ, ლიდერობს აჭარა, სადაც მართვის უფლება შეუჩერდა 503 მძღოლს, ჯარიმის რაოდენობით, გამოირჩევა ქვემო ქართლიც, სადაც მართვის მოწმობა 368 ნასვამ მძღოლს ჩამოართვეს.
რეგიონების მიხედვით, ყველაზე ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა მცხეთაში, სადაც ალკოჰოლურ სიმთვრალეზე მართვის მოწმობის ჩამორთმევით 49 მძღოლი დააჯარიმეს.