ოფიციალური მონაცემებით, ახალციხის ციხე 2016 წლის იანვრიდან – დღემდე 43 800–მდე ვიზიტორმა დაათვალიერა. აქედან უცხოელი ტურისტის რაოდენობა 10 554–ია. აღნიშნული რიცხვი გასულ წელთან შედარებით, დაახლოებით, 8 000 გაზრდილი. გარდა ამისა, იმატა რუსეთიდან შემოსული ტურისტების რიცხვმა. შარშანდელთან შედარებით, წელს მეზობელი რესპუბლიკიდან, 1 300 ვიზიტორით მეტი შემოვიდა. ციხის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ტურისტების მატება, მომსახურების მაღალი დონისა და კომპლექსის ტერიტორიაზე არაერთი კულტურული თუ სპორტული ღონისძებების გამართვის შედეგია.
ახალციხე კულტურულ–ისტორიული ძეგლების მონახულების გარდა, ტურისტებს კომფორტულ დასვენებასაც სთავაზობს. სასტუმროებმა ვიზიტორების მიღება ტურისტული სეზონის ოფიციალურად გახსნის შემდეგ აქტიურად დაიწყეს. საშუალოდ ერთი ღამის გატარება მაღალი დონის სასტუმროებში 65–დან 200 დოლარის ფარგლებში მერყეობს, ხოლო მომხმარებელთა მომსახურების პირობები მათი მოთხოვნებიდან გამომდინარეობს.
სეზონის გახსნასა და ახალციხეში ტურიზმის განვითარების პირობებს აფასებს სპეციალისტი ტურიზმის დარგში ნუგზარ თათეშვილი. იგი მიიჩნევს,რომ ქვეყანაში ვიზიტორების რაოდენობის ზრდა, უსაფრთხო ქვეყნების სიაში, საქართველოს მოხვედრამ განაპირობა. მისივე განმარტებით, 2016 წლისთვის მოეწყო ტურისტული ინფრასტრუქტურა, თუმცა თათეშვილი მომსახურების დონის გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობს.
ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ტურისტული სეზონი ახლახან გაიხსნა და იმედოვნებენ, რომ ახალციხით, მომდევნო თვეების განმავლობაში, ბევრად მეტი ვიზიტორი დაინტერესდება.