საია ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიას უჩივის
N39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიას ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" სასამართლოში უჩივის. კომისიას სამ საჩივარზე მოუწევს ახალციხის რაოინულ სასამართლოში პასუხისგება.
საიას გორის ოფისის ხელმძღვანელის ქეთევან ბებიაშვილის განცხადებით, 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს იყო როგორც ტექნიკური ხასიათის დარღვევები – თარიღის გადასწორება, ხელმოწერის გამოტოვება, შემაჯამებელ ოქმებში გადასწორება და ა.შ. თუმცა, საუბნო კომისიებმა თითქმის ყველაზე ახსნა–განმარტებითი ბარათები დაწერეს, რაც გაზიარებული აღმოჩნდა საოლქო კომისიის მიერ.
,,ეს ფაქტი კი არასწორად მიმაჩნია, რადგან შეიძლება კონკრეტული ხმები საბოლოოდ გადამწყვეტი აღმოჩნდეს კანდიდატებისთვის. ასევე გამოვლინდა მნიშვნელოვანი სახის დარღვევები. ამომრჩეველზე ზეწოლა ძირითადად უბნის გარეთ ხორციელდებოდა, ასეთ დროს ძალიან ძნელია ვისაუბროთ თავისუფალი ნების გამოვლენის შესახებ. მითუმეტეს, რომ არცერთი კანდიდატის საარჩევნო პროგრამაში არ იყო წარმოდგენილი, თუ რას გააკეთებდა კონკრეტული პირი გამარჯვების შემთხვევაში. ეს ყველაფერი კი არჩევნებისთვის არადემოკრატიულობის მაჩვენებელია" – განმარტა ქეთევან ბებიაშვილმა.
ქეთი ბებიაშვილის განმარტებით, უბანზე 10–15 ბიულეტენი შეიძლება გაბათილდეს, მაგრამ 50, 70 და მეტი ბიულეტენი უკვე ეჭვის საფუძველს იძლევა, მითუმეტეს, თუ საოლქო კომისია უარს აცხადებს მის ხელახალ გადათვლაზე. 50 ბათილი ბიულეტენი კი N4 უბანზე აღმოჩნდა, რაზეც ორგანიზაციამ ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი შეიტანა და მათი ხელახალი გადათვლა ითხოვა. საოლქო კომისიამ საჩივარი 23 ოქტომბერს განიხილა, თუმცა საიას მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
N4 დამალის საარჩევნო უბანს ეხებოდა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მეორე საჩივარიც. ორგანიზაციის განმარტებით, შემაჯამებელ ოქმს, ერთ–ერთი კომისიის წევრის ხელმოწერა აკლდა. საიამ დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაყენება ხელფასის დაქვითვით მოითხოვა, რაც საოლქო კომისიამ სრულად დააკმაყოფილა.
N39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიამ, ნაწილობრივ დააკმაყოფილა საიას კიდევ ერთი საჩივარი, რომელიც N16 ტოლოშის უბანს ეხებოდა. აქ საკონტროლო ფურცლის შევსებისას, პირველი ამომრჩევლის რეგისტრაციის მისამართი იყო გამოტოვებული, რაზეც საიამ საარჩევნო ყუთის გახსნა და ფურცლის შევსება ითხოვა, თუმცა საოლქო კომისია, მხოლოდ საუბნო კომისიის მდივნის შენიშვნით შემოიფარგლა.