ლევან დევიძე: ,,საკრებულომ დღეს ვერ მოახერხა საკუთარი უფლებამოსილების ცნობა"
ბორჯომის N36 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავამჯდომარემ საკრებულოს სხდომა დატოვა და გადადებულად გამოაცხადა. ლევან დევიძის განცხადებით საკრებულომ დღეს ვერ მოახერხა საკუთარი უფლებამოსილების ცნობა
და პირველი სხდომა თავიდან, 10 დღის ვადაში დაინიშნება. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები, საკრებულოს დარბაზში რჩებიან და სხდომის გაგრძელებას გეგმავენ. სხდომათა დარბაზში არ იმყოფება მმართველი პარტიის არცერთი დეპუტატი.
ლევან დევიძის განცხადების მიუხედავად, საკრებულოს დეპუტატები შეთანხმდნენ, რომ სხდომას გააგრძელებდნენ. ამ დროისთვის საკრებულოს უფლებამოსილების ცნობას აპირებენ, რის შემდეგაც უკვე სხდომა კანონით განსაზღვრული პროცედურებით გაგრძელდება.
საკრებულოს დარბაზში მხოლოდ მედიის წარმომადგენლები, დეპუტატები და დაცვის პოლიციის რამდენიმე წევრი იმყოფება. სხდომათა დარბაზის გარეთ არიან შეკრებილი პარტიების მხარდამჭერები და დეპუტატების ოჯახის წევრები.
დეპუტატებმა სიმშვიდე ვერ შეინარჩუნეს და სხდომა კვლავ ხმაურით გაგრძელდა, დაპირისპირება მოჰყვა ირაკლი კვირკველიას განცხადებას, რომელიც "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატებს და ლეიბორისტული პარტიის წევრს გიორგი გიუაშვილს მუქარაში ადანაშაულებს.
იგი ამბობს, რომ ზეწოლა ხორციელდება "ევროპული საქართველოს" დეპუტატზე ბაქარ შირაძეზე. შირაძე საკრებულოს სხდომაზე იმყოფება და კომენტარს არ აკეთებს.
სხდომა კვლავ დატოვა თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა. სხდომის გაგრძელება ვერ ხერხდება. დეპუტატები ერთმანეთს ბრალდებებს უყენებენ და სიტყვიერად უპირისპირდებიან.
ბორჯომის საკრებულო ერთადერთია, სადაც უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს.