ილია, აკაკი, ვაჟა, გალაკტიონი, გოგლა და სხვები ნიღაბაფარებულნი დგანან თბილისის ქუჩებში.
,,ძნელი მისახვედრი არ არის, რატომაც - ისინი ვეღარ სუნთქავენ იმ მძიმე ჰაერს, რაც ქალაქშია. ისინი აპროტესტებენ ჰაერის დაბინძურებას, ჟანგბადის ნაკლებობას.
დიახ, ეს არის სამართლიანი პროტესტი იმ საშინელების წინააღმდეგ, რის გამოც უამრავი ადამიანი ავადდება სიმსივნითა და ლეიკემიით" – წერს სოციალურ ქსელში, ფოტოგრაფი, გოგა ჩანადირი.
თბილისის რამდენიმე ძეგლს პირბადეები წუხელ გაუკეთეს. ვინ არის პერფომანსის ავტორი უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, ავტორებს ეკოლოგიური პრობლემებისკენ სურთ მთავრობისა და ადამიანიების ყურადღების მიპყრობა. დღეს დილიდან პირბადეებით არიან აღჭურვილი: აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე, გალაკტიონ ტაბიძე, გიორგი ლეონიძე და ა.შ.
პერფორმანსი არ მოეწონათ თბილისის მერიაში.
"ამას ჩვენი მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, ვინაიდან ეს ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ყოვლად მიუღებელია. რა ზომები იქნა კანონმდებლობით გათვალისწინებული, ეს იქნება დაჯარიმება თუ სხვა რაიმე სანქციები, აუცილებლად გავატარებთ. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა, ვინაიდან პატივსაცემი ძეგლები არის აღჭურვილი პირბადეებით", - თქვა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძემ.
ფოტოებს გოგა ჩანადირი ავრცელებს.