საკაბელო ოპერატორები ქართულ არხებს აღარ გათიშავენ
საკაბელო ოპერატორების ნაწილი, რომლებმაც "მედია რაითს ჯორჯიასთან" შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, 6 ქართული არხის გათიშვას არ გეგმავს,
- ამის შესახებ შპს "ნიუკომის" დირექტორმა ზაზა აგლაძემ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან განაცხადა, სადაც თბილისსა და რეგიონებში მოქმედი 40-მდე მცირე და საშუალო საკაბელო ოპერატორები საპროტესტო აქციას მართავს.
მაისში რამდენიმე ათეულმა საკაბელო ოპერატორმა შპს "მედია რაითს ჯორჯიასგან" წერილი მიიღო, რომელშიც კომპანია აცხადებდა, რომ ჰქონდა ექსკლუზიური უფლება სამაუწყებლო არხების - "იმედი", "რუსთავი 2", "ჯიდიესი", "მარაო", "კომედი არხი", "მაესტრო" კომერციულ დისტრიბუციაზე საკაბელო ტელევიზიებსა და ინტერნეტ სივრცეში. წერილში "მედია რაითს ჯორჯია" ასევე განმარტავდა, რომ დაინტერესების შემთხვევაში საკაბელო ოპერატორებმა აღნიშნულ ორგანიზაციას უნდა მიმართონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ შეუწყდებათ ზემოაღნიშნული სამაუწყებლო არხების ტრანსლირების ან/და მათი კონტენტის განთავსების უფლება. ბოლო თარიღად "მედია რაითს ჯორჯიამ" 1-ლი დეკემბერი განსაზღვრა.
"მედია რაითს ჯორჯიასა" და საკაბელო ოპერატორებს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა მიმდინარეობდა. 17 ნოემბერს 40-მდე მცირე და საშუალო საკაბელო ოპერატორმა 6 ქართული არხი 24 საათის განმავლობაში საპროტესტოდ გათიშა. "მედია რაითს ჯორჯიასა" და საკაბელო ოპერატორების ნაწილს შორის მოლაპარაკება ამ დრომდე ვერ შედგა.