ახალციხის მესამე სომხური სკოლის მოსწავლეები, დღეს, გრიგორ განმანათლებლის სახელობის ეკლესიაში შეიკრიბნენ და მიწისძვრის შედეგად
გარდაცვლილების სულებს პატივი მიაგეს.
ახალგაზრდები პანაშვიდს დაესწრნენ, სადაც მოძღვარმა ახალგაზრდებს შეახსენა, რომ ამ დღეს მსხვერპლთა გასახსენებლად მხოლოდ ვალდებულების გამო არ უნდა მიდიოდნენ.
,,არავინ უნდა დაგავალოთ ამ დღეს ეკლესიაში წასვლა, თავად უნდა ხვდებოდეთ ამ დღის მნიშვნელობას" – აღნიშნა პანაშვიდის შემდეგ ეკლესიის მღვდელმა ნორაირ საჰაკიანმა.
"ყოველი წლის 7 დეკემბერს ეკლესიაში მივდივართ მიწისძვრის შედეგად დაღუპულ მსხვერპლთა მოსაგონებლად. ყველა სომეხის მოვალეობაა წელიწადში ერთხელ მათი სულებისთვის პატივის მიგება, "- ამბობს 14 წლის დაიანა გრიგორიანი.
მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა სულების პატივსაცემად ეკლესიაში პანაშვიდი ახალქალაქშიც გადაიხადეს.
ძლიერი მიწისძვრა სომხეთში, 1988 წელს, ადგილობრივი დროით 11:41 წთ მოხდა. ძლიერი ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა. პირველი დახმარება მეზობელ ქვეყანას, საქართველომ აღმოუჩინა.
ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, კერძოდ კი ქალაქ სპიტაკში იყო, სადაც მიწისძვრის სიმძლავრემ 10 ბალი შეადგინა. სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 25 ათას გადააჭარბა. დაინგრა 11 ქალაქი და 58 სოფელი.
ახალქალაქის ტაძრის ეზო. ფოტოს ,,ჯეინიუსი: ავრცელებს.