დასრულებული აქცია ბორჯომში
ბორჯომში, ყოფილი გამგეობის შენობასთან ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრების და მათი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობდა.
აქციის მონაწილეები საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას და ზაზა ჩაჩანიძის მიერ საკრებულოს იმ დადგენილებისთვის ხელმოწერას ითხოვდნენ, რომელიც თანამშრომელთა სახელფასო ფონდის მატებას შეეხებოდა.
”ზაზა ჩაჩანიძის და ”ნაციონალური მოძრაობის” გარეშე ბორჯომს გაუმარჯოს. ჩვენ აქ მხოლოდ ხელფასების მატების გამო არ შევიკრიბეთ. ჩვენ ვითხოვთ, რომ ჩვენი შრომის ანაზღაურება ავიღოთ იმიტომ, რომ ბორჯომი უფრო გალამაზდეს. არ შეიძლება ერთი ღვარძლიანი ადამიანის ინტერესებს შეეწიროს ბორჯომის მოსახლეობა”, - განაცხადა საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კვირკველიამ.
საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას საკრებულოს კიდევ ერთმა წევრმა, ”ქართული ოცნების” წარმომადგენელმა ლევან ლონდარიძემ აღნიშნა, რომ ზაზა ჩაჩანიძეს არ აქვს იურიდიული უფლება ხელი საკრებულოს გუშინ მიღებულ დადგენილებას არ მოაწეროს.
”მთავარი მიზანი და მოთხოვნაა, რომ ზაზა ჩაჩანიძე გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. მას არ აქვს უფლება არ მოაწეროს ხელი დადგენილებას. თუ ხელს არ მოაწერს, ჩვენ სასამართლოში ვიჩივლებთ, რადგანაც საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე შედგა კვორუმი. სხდომას ვესწრებოდით ”ქართული ოცნების” 13 და ”პატრიოტთა ალიანსის” 4 დეპუტატი, შესაბამისად სხდომა ლეგიტიმურად ჩატარდა”, - განაცხადა ლევან ლონდარიძემ.
აქცია ბორჯომში მშვიდობიან ვითარებაში მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.