,,ინაშვილმა გაგვყიდა" – ,,ქართულმა ოცნება"–მ საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტი მოითხოვა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს, 21 მარტს, საკრებულოს 15 წევრმა განცხადებით მიმართა. ქართული ოცნების დეპუტატები,
დამოუკიდებელ და პატრიოტთა ალიანსის ორ წევრთან ერთად საკრებულოს მორიგ სხდომაზე თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის დასმას ითხოვენ.
გიორგი ფერაძე ერთ–ერთია იმ დეპუტატთაგან, რომელმაც ოპოზიციონერი თავმჯდომარის იმპიჩმენტის მოთხოვნით, განცხადებას ხელი მოაწერა.
,,ყველა თანხმდება, რომ ზაზა ჩაჩანიძე არის პიროვნება, რომელსაც ჩიხში შეყავს ბორჯომის მუნიციპალიტეტი, კაცი, რომელიც არ ფიქრობს ბორჯომის უკეთეს მომავალზე და გამოირჩევა ვიწრო, მერკანტილური აზროვნებით. შესაბამისად, დეპუტატების გარკვეულ ჯგუფს აქვს განსაკუთრებული პროტესტი“.
ზაზა ჩაჩანიძეს არ უკვირს მმართველი პარტიის დეპუტატების ეს გადაწყვეტილება, თუმცა საკუთარი პარტიის ლიდერისგან მსგავსი ნაბიჯით მაინც იმედგაცრუებულია. კითხვაზე, ელოდებოდა თუ არა ამ ნაბიჯს, პასუხობს, რომ ქართული ოცნება მის წინააღმდეგ სამუშაოს დაწყების პირველივე დღიდან მუშაობს.
,,შემოიტანეს განცხადება ნოტარიულად დამოწმებული, 15 კაცი აწერს ხელს, ერთია ინაშვილის მონა – მარტინენკო და მეორე ლურსმანაშვილი. ჯერ სხვას ვერაფერს გეტყვით. პარტიული სიით თითქმის არავინ იყო, ხუთი დღის წინ დაიწყეს სასწრაფო წესით გაწევრიანება ყველასი. პატრიოტთა ალიანსშია ახლა. ოცნება ჩემი მოსვლის დღიდან ემზადებოდა ამისთვის, მაგრამ ინაშვილი მაინც მეგონა რომ ჭკუას მოეგებოდა, მაგრამ ხომ უნდა გამოაშკარავდეს ბოლობოლო ვინ რას თამაშობს. ვფიქრობ და პირველივე გადაწყვეტილებას თქვენ დაინახავთ. ჩვენი გუნდის წევრებმა ვიცოდით, რომ ბრძოლა იქნებოდა და ამისთვისაც მზად ვართ“.
გიორგი გიუაშვილი სოციალურ ქსელში იმ განცხადების ფოტოს ასაჯაროვებს, რომელზეც ხელი ბორჯომის საკრებულოს 15–მა წევრმა მოაწერა და საკუთარ გვერდზე წერს:
,, ნაძირალა ინაშვილმა გაგვყიდა! ხელფასები კი არა, თავისივე პარტიით გასული საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტზე მიაწერიბა ხელი თავისივე დეპუტატებს. "იუდა" არ შეგრჩება!“.
მეცხრე არხთან კი აცხადებს, რომ ოპოზიცია მუშაობს შემხვედრ ნაბიჯებზე და უახლოეს მომავალში მათი გადაწყვეტილება ყველასთვის ცნობილი იქნება.
,,ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ირმა ინაშვილმა მოაწერინა ხელი ორ თავის დეპუტატს და ხელფასების მატების კი არა, იმპიჩმენტის საკითხზეა საუბარი. განცხადება შემოიტანეს დღეს საკრებულოში. ჯერ გადაწყვეტილი არ გვაქვს, მაგრამ აუცილებლად ვუპასუხებთ ამ რეაქციას“.