ახალციხის გამგეობაში ჯარიმებიდან და საურავებიდან შესულმა თანხამ ბიუჯეტის ზრდა განაპირობა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჯარიმების რაოდენობა ხელოვნურად იზრდება, რადგან ბიუჯეტი პრემიებისთვის შეივსოს.
ახალციხის გამგეობის ბიუჯეტი მიმდინარე წელს 150 600 ლარით გაიზარდა, რაც ჯარიმებსა და საურავებიდან შესულმა თანხამ განაპირობა. მუნციპალიტეტის გამგებლის განმარტებით, გადასახადებებითა და სანქციებით ბიუჯეტი გაიზარდა, თუმცა მისივე მტკიცებით, ჯარიმების რაოდენობას აღნიშნულზე ზეგავლენა არ მოუხდენია.
გამგებლისაგან განსხვავებით, საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი აცხადებს, რომ ჯარიმებით თანხების ხელოვნური ზრდა ხდება, რათა ბიუჯეტი შესრულდეს.
რა თანხა შევიდა ჯარიმებიდან და საურავებიდან ახალციხის მერიის ბიუჯეტში, აღნიშნულზე „მეცხრე არხმა“ კომენტარი ვერ მოიპოვა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განგვიმარტეს, რომ ინფორმაცია თვითმართველობიდან წერილობით უნდა გამოვითხოვოთ. კონკრეტული თანხა უცნობია ქალაქის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატისთვისაც. ჯიმშერ გოგოლაური აცხადებს, რომ ბიუჯეტში, ძირითადად, საპატრულო პოლიციის მიერ დაწესებული ჯარიმის 40 პროცენტი შედის. ეს სანქციები კი ქალაქში არასწორად დამონტაჟებული საგზაო ნიშნებისა და პარკირების გამოა გამოწვეული.
ჯარიმების ხარჯზე 270 პროცენტით გაიზარდა ადიგენის ბიუჯეტიც. საკრებულოს დეპუტატები ამბობენ, რომ ეს ძირითადად ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებაზე დაწესებულმა სანქციებმა გაზარდა. საკრებულოს ოპოზიციური პარტიის დეპუტატები აცხადებენ, რომ ადგილობრივი ბიუჯეტი მოსახლეობის ხარჯზე ივსება.
ასპინძის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში განმარტავენ, რომ სანქციებიდან და საურავებიდან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში 79 400 ლარი შევიდა. თინათინ კედელაშვილის თქმით, ეს რაოდენობა დაგეგმილზე მეტია. ამ კუთხით ბიუჯეტის ზრდა კი ძირითადად, სასამართლო ჯარიმებიდან მიღებულმა თანხამ განაპირობა.