მოსკოვში უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე ბავშვები დააკავეს
მოსკოვში სამშვიდობო აქციაზე მშობლები ბავშვებთან ერთად დააკავეს, რომლებსაც ხელში პლაკატები „არა ომს“ ეკავათ.
სულ დააკავებულია 5 ბავშვი, მათგან ყველაზე უფროსი 11 წლისაა, ყველაზე პატარა კი – 7 წლის.
თვითმხილველები და აქტივისტები წერენ, რომ პოლიციის განყოფილებაში მშობლებს წაართვეს ტელეფონები. მათ მშობლის უფლების ჩამორთმევით ემუქრებოდნენ .
ამ დროისთვის, ბავშვები უკვე გაათავისუფლეს, თუმცა წინ არის სასამართლო პროცესი, სადაც უნდა განისაზღვროს როგორც ჯარიმის ოდენობა, ასევე სხვა სახის სასჯელი.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსულ ქალაქებში მოქალაქეები საპროტესტო აქციებით გამოვიდნენ. 24 თებერვლიდან 28 თებერვლამდე პერიოდში – ანუ 4 დღეში, ომის გასაპროტესტებლად გამართულ აქციებზე, რუსეთში 6 000-მდე ადამიანი დააკავეს.
დღეს, 2 მარტს მეშვიდე დღეა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის არმია განუწყვეტლივ უტევს უკრაინას, როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. ინტენსიურად იბომბება უკრაინის ქალაქები. რუსეთის შეჭრას ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო ემსხვერპლა.