უკრაინა-რუსეთს შორის შეთანხმება მხოლოდ ერთ საკითხზე შედგა
რუსეთისა და უკრაინის დელეგაციის მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე ბელარუსში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დერეფნების შესახებ შეთანხმდნენ. ამის შესახებ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ რუსულ მედიას განუცხადა.
„ჩვენ დეტალურად განვიხილეთ სამი პუნქტი - სამხედრო, საერთაშორისო და ჰუმანიტარული და მესამე არის კონფლიქტის სამომავლო პოლიტიკური დარეგულირების საკითხი. ორივე პოზიცია მკაფიოა და ჩაწერილია. ჩვენ მოვახერხეთ ზოგიერთ მათგანზე შეთანხმება, მაგრამ მთავარი, რაზეც დღეს მივაღწიეთ შეთანხმებას, იყო სამხედრო შეტაკების ზონაში მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეების გადარჩენის საკითხი. რუსეთისა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროები შეთანხმდნენ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დერეფნების უზრუნველყოფაზე და ცეცხლის შესაძლო დროებით შეწყვეტაზე იმ ადგილებში, სადაც ევაკუაცია ხდება“, - განუცხადა მედინსკიმ მედიას.
რუსული დელეგაციის კიდევ ერთმა წევრმა, ლეონიდ სლუცკიმ „რუსეთი 24“-ს განუცხადა, რომ ორივე მხარე შეთანხმდა მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე, რომელიც „უახლოეს მომავალში“ მოხდება.
იმავდროულად, უკრაინული დელეგაციის წევრმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებმა არ მოიტანა ის შედეგი, რაც უკრაინას სჭირდებოდა, მაგრამ მან თქვა, რომ არსებობს "გამოსავალი მხოლოდ ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზებისთვის".
მოლაპარაკებები ორსაათნახევარს გაგრძელდა.