სიტუაცია ძალიან რთულია - მარიუპოლის მერი
სიტუაცია ძალიან რთულია, რუსეთის არმიამ ჰუმანიტარული დერეფნის ბლოკადა უკვე მოახდინა, - ამის შესახებ უკრაინის ქალაქ მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო აცხადებს.
მისი თქმით, ქალაქს ხუთი დღეა ელექტროენერგია არ მიეწოდება, გათიშულია მობილური კავშირი და მოსახლეობა წყლის გარეშეა დარჩენილი.
„ხუთი დღეა ელექტროენერგიის გარეშე ვართ. ჩვენი ყველა თერმული ქვესადგური დამოკიდებულია ელექტრომომარაგებაზე, შესაბამისად, გათბობის გარეშე ვართ. გათიშულია მობილური კავშირი. დავკარგეთ სარეზერვო წყალმომარაგება და ამიტომ ახლა სრულიად უწყლოდ ვართ. რუსეთის არმია ქალაქის ალყაში მოქცევასა და ბლოკადის მოწყობას ცდილობს. მათ სურთ ჩვენი მოწყვეტა ჰუმანიტარული დერეფნიდან, აუცილებელი მოხმარების საქონლის, სამედიცინო ნივთების, ბავშვების საკვების მოწოდების შეჩერება. მათი მიზანია დაახრჩონ ქალაქი და გაუსაძლისი წნეხის ქვეშ მოაქციონ,“- განაცხადა მერმა.
მისი თქმით, ბოლო 5 დღის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა დაჭრილებისა და დაღუპულების რაოდენობა.
„მერვე დღეს ასობით იყო. ახლა უკვე ათასობით დაჭრილსა და დაღუპულზეა საუბარი. ეს მაჩვენებლები მხოლოდ გაუარესდება. უკვე მეექვსე დღეა, რაც საჰაერო თავდასხმებს ახორციელებენ და ჩვენ ვერ ვახერხებთ დაღუპულების გამოყვანას,“- განაცხადა მერმა.