ოკუპანტები ტერორის ახალ სტადიაზე გადავიდნენ - მელიტოპოლის მერი დაატყვევეს - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქალაქ მელიტოპოლში ოკუპანტებმა მერი, ივან ფედოროვი დაატყვევეს, რომელიც მამაცურად იცავს უკრაინას და მის ხალხს.
"ცხადია, ეს დამპყრობლების სისუსტის ნიშანია. მათ ჩვენს მიწაზე მხარდაჭერა არ დახვდათ. თუმცა ამის დიდი იმედი ჰქონდათ, რადგან წლების განმავლობაში თავს იტყუებდნენ, თითქოს უკრაინაში რუსეთს ელოდნენ. მათ ვერ იპოვნეს თანამშრომლები, რომლებიც დათმობდნენ ქალაქებს და ძალაუფლებას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ ოკუპანტები ტერორის ახალ ეტაპზე გადავიდნენ, როდესაც „ისინი ცდილობენ ფიზიკურად გაანადგურონ უკრაინის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები“.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ითხოვს მელიტოპოლის მერის დაუყონებლივ გათავისუფლებას.
“მელიტოპოლის მერის დატყვევება არის დანაშაული არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანის, კონკრეტული საზოგადოების და არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ, ეს არის დანაშაული თავად დემოკრატიის წინააღმდეგ. თუ თქვენ იქცევით „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების მსგავსად, მაშინ რა აზრი აქვს თქვენთან რაიმეზე ლაპარაკს? ჩვენ დავაყენებთ ამ საკითხს, მათ შორის საერთაშორისო შუამავლებთან, რომლებიც ურთიერთობენ მოსკოვთან", - აღნიშნა ზელენსკიმ.