რეგიონი
გავრცელდა ვიდეო როგორ კლავენ სომეხ უიარაღო ტყვეებს აზერბაიჯანელი ჯარისკაცები - ნიკოლ ფაშინიანი
სომხეთი აზერბაიჯანს სამხედრო ტყვეების დახვრეტაში ადანაშაულებს და საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს.
სომხური მედიის ცნობით, ტელეგრამ არხებით გავრცელებული ვიდეო სწორედ დახვრეტას ასახავს, თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი კი ამბობს, რომ ეს აზერბაიჯანელების ხელწერაა.
სომხეთის საგარეო უწყების განცხადებით, ვიდეო მასალა ადასტურებს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულს. პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, კატეგორიულად დაგმოს ეს სამხედრო დანაშაული და შესაბამისი ზომებს მიმართოს ბაქოს აგრესიის შესაჩერებლად.
აზერბაიჯანის გენპროკურატურაში განაცხადეს, რომ სამხედრო პროკურატურა იძიებს ამ კატეგორიის ვიდეოების ავთენტიკურობას და გამოძიების შედეგების მიხედვით, კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიიღებენ.
სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარმა კი განაცხადა რომ "თუ ვიდეოს ავთენტურობა დადასტურდება, მაშინ ეს არის ომის დანაშაული, რომელიც უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ".
გააზიარეთ :