რატომ უნდა წავიდეთ არჩევნებზე და რა პასუხისმგებლობა აკისრია თითოეულ ამომრჩეველს – ეს საკითხები სოფელ გოკიოს მოსახლეობას, საინფორმაციო შეხვედრაზე განუმარტეს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში „თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაცია“ ჩავიდა და მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობას, საარჩევნო საკითხებსა და კენჭისყრის დღის პროცედურებზე ესაუბრა. შეხვედრის მონაწილეებისთვის წამახალისებელი ვიქტორინა ჩაატარეს. ადგილობრივებს მარტივ კითხვებზე მოუწიათ პასუხის გაცემა. სწორი პასუხის ავტორებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. შეხვედრის მიზანი, სოფლებში საარჩევნო აქტივობის გაზრდა იყო.
შეხვედრის შესახებ, სოფლის მოსახლეობას ინფორმაცია, ხუთკაციანმა სამუშაო ჯგუფმა მიაწოდა, რომლის წევრებიც, აქტიური მოქალაქეები არიან.
პროექტი „ჩვენი ქვეყანა-ჩვენი არჩევანი ერთი ხმის ხმოვანება“ დასრულდა. ასპინძისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში, მას არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაცია“ ახორციელებდა. ხელმძღვანელების თქმით, სოფლები რამდენიმე ნიშნით შეირჩა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი გოკიო ზღვის დონიდან 1 900 მეტრზე მდებარეობს. ძირითადად, ეთნიკურად სომეხი მოსახლეობითაა დასახლებული. სოფელში 300–მდე ამომრჩეველია რეგისტრირებული. პროექტის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ მათთან შეხვედრის შემდეგ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ამომრჩეველთა მაღალი აქტიურობა დაფიქსირდება.