ვალეში ქართული ცეკვის ფესტივალი ჩატარდა. ღონისძიებას ახალციხის თემმა უმასპინძლა. მასში მონაწილეობა ათმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა მიიღო, რომლებიც მესხეთში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდნენ.
ქართული ცეკვის ფესტივალი სამცხე-ჯავახეთში პირველად ჩატარდა. ღონისძიება ქალაქ ვალის კულტურის სახლში, ქართული ხალხური შემოქმედების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.მონაწილეებმა ქართული, ტრადიციული ცეკვები შეასრულეს. მასპინძლებმა კი დამსწრე საზოგადოებას ხალხური დღესასწაულის, ბერიკაობის ეპიზოდები აჩვენეს.
ფესტივალის დასრულების შემდეგ, მონაწილე ანსამბლის წევრები, მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვეს. ღონისძიებას ადგილობრივი მოსახლეობა, მოწვეული სტუმრები, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.