ახალციხეში „რძის მწარმოებელთა ფორუმი“ 2016 გაიმართა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა, ფერმერებმა, სპეციალისტებმა და სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა რძის წარმოების დარგში არსებული გამოწვევები განიხილეს.
როგორ უნდა ებრძოლონ ფერმერები ცხოველთა დაავადებებს, რა სიკეთის მომტანია ფერმერული გაერთიანებები – ამ და სხვა თემებზე სპეციალისტებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს. სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსმა შეხვედრაზე პროდუქციის ეტიკეტირებისა და ბრენდირების აუცილებლობაზე ისაუბრა.
ფორუმის მიზანი ფერმერთა მეტი ინფორმირებაა, რათა მომავალში, უკეთესი ხარისხის რძისა და რძის პროდუქტების წარმოება შეძლონ. შეხვედრას ფერმერები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ესწრებოდნენ. მათ ძირითადად, რძის სექტორში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
„რძის მწარმოებეთა ფორუმი“ სამცხე–ჯავახეთის ფერმერთა ასოციაცია ,,ერთობის“ ინიციატივითა და არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიური რძის“ მხარდაჭერით გაიმართა. ორგანიზატორების განმარტებით, შეხვედრის მიზანს სახელმწიფო სტრუქტურების, ფერმერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთმანეთთან დაახლოება წარმოადგენდა. ფორუმზე სამინისტროს წარმომადგენლებმა ფერმერთა იდეები მოისმინეს. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ სამომავლოდ კანონპროექტზე მუშაობისას მათი აზრის გათვალისწინებაც მოხდება.
რძის მწარმოებელთა ფორუმი მეორედ მოეწყო. ფერმერებმა და სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებმა ინფორმაცია გაცვალეს, რძის სექტორის გაძლიერებაზე იმსჯელეს და სამოქალაქო სექტორის იდეებიც მოისმინეს.