ქალაქ
ახალციხის მერიასა და საკრებულოში, 2016 წლის ოთხი თვის მანძილზე
გაცემული პრემიებისა და დანამატების შესახებ ინფორმაცია, ,,მე–9
არხმა“ ოფიციალურად გამოითხოვა. პასუხად მიღებული წერილის
მიხედვით, აპრილის თვეში, მერიის თანამშრომლებზე, პრემიის სახით, 57
710 ლარი გადანაწილდა. საკრებულოში კი ყველა თანამშრომელმა, ერთი თვის
თანამდებობრივი სარგოს ოდენობის სააღდგომო პრემია მიიღო, რამაც ჯამში
21 210 ლარი შეადგინა.
თანამდებობის პირებმა და საჯარო მოხელეებმა, პრემიის გარდა თანხა დანამატის სახით, იანვრის, თებერვლისა და მარტის თვეებში მიიღეს. პირველ კვარტალში, სახელფასო დანამატი, მერიის ყველა სამსახურის უფროსს აქვს აღებული, გარდა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსის, მურმან თოთაძისა და ქალაქის მერის, გიორგი კოპაძისა. სამი თვის მანძილზე, დანამატი ორჯერ, მხოლოდ საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსს, ლიანა ხმალაძეს აქვს მიღებული, ჯამში 1 500 ლარი. დანარჩენმა თანამდებობის პირებმა დანამატი მხოლოდ ერთხელ მიიღეს. მერიაში, სამ თვეში დანამატის სახით, სულ 29 670 ლარი გაიცა. აქედან იანვარში 11 240 ლარი, თებერვალში – 6 695, მარტში კი 11 735 ლარი.
ქალაქ ახალციხის საკრებულოში, სახელფასო დანამატის სახით გაცემულმა თანხამ, სულ 24 411 ლარი შეადგინა. აქედან იანვარში 9 835 ლარი ყველა თანამშრომელზე გადანაწილდა, მარტში კი, ასევე ყველა თანამშრომელზე, 14 576 ლარი გაიცა.
რუსუდან გვარამაძე