აწყურის ყოვლადწმინდა ღვთსმშობლის ხატის ასლი აწყურის ტაძარშია. სიწმინდე ახალციხის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიიდან 13 მაისს დილით გადააბრძანეს. ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა წირვა–ლოცვა აღავლინა და ღვთისმშობლის პარაკლისი გადაიხადა. ხატის მოსალოცად მომლოცველები აწყურში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩავიდნენ.
წირვის დასასრულს მეუფე თეოდრემ აწყურის ღვთისმშობლის ხატის შესახებ იქადაგა. მისი თქმით, იგი ყოვლადწმინდა ქალწულის პირველი გამოსახულებაა, რომელიც საქართველოში წმინდა ანდია პირველწოდებულმა შემოაბრძანა.
გადმოცემის მიხედვით, ღვთისმშობლმა ფიცარი სახეზე მიიდო და მასზე ღვთის განგებით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოსახულება ხელში ყრმა იესოთი ერთად გადავიდა. ხატი დედა ღვთისამ, თავის წილხვედრ ქვეყანაში – საქართველოში, მის ნაცვლად საქადაგებლად წამოსულ ანდრია პირველწოდებულს გამოატანა. სიწმინდის საშაულებით წმინდა მოციქულმა არაერთი სასწაული აღასრულა. საბოლოოდ მან ხატი სოფელ აწყურში დააბრძანა. აქვე მოაწყო მცირე სამლოცველო და დააარსა პირველი საეპისკოპოსო კათედრა.
ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა წირვის დასრულების შემდეგ მესხური ვაზის ნერგები აკურთხა. მეუფე თეოდორეს ინფორმაციით, საქართველოს საპატრიარქოსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით, ადგილობრივი ვაზის ჯიშები გაშენდება.
ცენტრმა დაკარგული ჯიშები მოიძია და აღადგინა მესხეთშიც. მესხური ვაზის 1 000-მდე ნერგი ახალციხეში, ვარძიაში, წუნდასა და უდეში გაშენდება, საიდანაც მათი გამრავლება მოხდება.
აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლი საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ლოცვა–კურთხევით შეიქმნა. ხატი ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიას 14 მაისს დატოვებს. მომლოცველებს საშუალება ექნებათ, აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლი, ბორჯომში მოილოცონ.
სიწმინდე ოცი საუკუნის შემდეგ, წმინდა ანდრია მოციქულის ნაქადაგებ გზას უკვე მეორედ გადის. ხატს ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის, ბორჯომისა და ბაკურიანის, ურბნისისა და რუისის, გორისა და ატენის ეპარქიების შემდეგ მომლოცველები მცხეთაში, სვეტიცხოველში მიეგებებიან. საბოლოოდ კი ხატი თბილისის სამების საკათედრო ტაძარში იქნება დაბრძანებული.