ახალი პოლიტიკური ცენტრის დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე ახალციხეში მოსახლეობას შეხვდა. მან ადგილობრივებს „გირჩის“ სამომავლო ხედვები გააცნო. პოლიტიკოსმა ვრცლად ისაუბრა, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევების დაძლევა, როგორიცაა, ლარის გაუფასურება, ფასების ზრდა, სამუშაო ადგილების სიმცირე და სხვა. ზურაბ ჯაფარიძეს მიაჩნია, რომ აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად, ქვეყანაში ერთადერთი სწორი ხედვა ახალ პოლიტიკურ ცენტს გააჩნია.
„გირჩის“ ლიდერის თქმით, საქართველოს ეკონომიკის სერიოზული რეფორმები სჭირდება, რომელიც გარკვეული ნაწილისთვის მტკივნეული იქნება.
ზურაბ ჯაფარიძემ ყურადღება გაამახვილა საჯარო სექტორზეც. მისი თქმით, აქ ხელფასს არაფრის კეთებაში იღებენ. „სანამ ასეთი ადმინისტრაციული რესურსი, ასეთი დემოკრატია იარსებებს, რომელიც ჭამს ეკონომიკიდან რესურსს, მანამდე ეკონომიკა ვერ განვითარდება“ – განაცხადა ჯაფარიძემ.
პოლიტიკოსმა ახალციხეში ვიზიტისას ახალი რეგიონული ოფისების გახსნა და მოსახლეობასთან შეხვედრებიც დააანონსა.