სამცხე-ჯავახეთში ტურისტული პოტენციალის ამოქმედების პროგრამა დაიწყო. მის ფარგლებში, საფარის მონასტერამდე მისასვლელ შვიდ კილომეტრიან მონაკვეთზე კაპიტალური გზა პირველად დაიგება. გზის აღდგენითი სამუშაოები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა.
საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საფარის მონასტრამდე მანძილი, 30 წუთის ნაცვლად, 10 წუთში დაიფარება. გზის რეაბილიტაცია 2016 წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტის ღირებულება, რომელსაც მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, 3 198 100–მდე ლარია.
„საფარის მონასტრამდე მისასვლელი გზა არის ძალიან მნიშვნელოვანი ბევრი თვალსაზრისით. ეს არის 7 კილომეტრიანი გზა, რომლის გახსნაც მოხდება წელს. აქ დადიან ტურისტები, მომლოცველები, რეგიონის მცხოვრებლები და ყველასთვის იქნება მნიშვნელოვანი, რომ გაკეთდეს გზა და მოეწყოს ინფრასტრუქტურა გზის გარშემო. აქ გაკეთდება გადასახედები, ავტომანქანის სადგომები“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების მონახულების შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილმა საფარის სამონასტრო კომპლექსი მოილოცა. პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ უმასპინძლა.
საფარის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილი ახალციხეში, მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულს მეწარმეს, ბორის თათეშვილს ეწვია და მისი საიუველირო-სადურგლო საამქრო დაათვალიერა. მეწარმემ პრემიერს მეტალისა და ხის დამუშავების წესები გააცნო. მისი თქმით, სახელმწიფოს თანადაფინანსებით, ვერტიკალური საბურღი აპარატი, მიკროსკოპი და ლენტური სახერხი მანქანა, შეიძინა, რომელთა წყალობით სადურგლო და საიუველირო საქმიანობა გააუმჯობესა.
პრემიერმა სოფელ წნისში, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, დაფინანსებული საერთაშორისო სტანდარტების მქონე ფერმაც დაათვალიერა, რომელიც „Georgian Business Zone“–მ გახსნა. იგი წარმოადგენს აგროკომპანიას, რომლის შემადგენლობაშიც 25 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა, 150 ჰექტარი საძოვარი, 5 ჰექტარზე გაშენებული ვაშლის ბაღი, ხილისა და ბოსტნეულის შემნახველი სამაცივრე მეურნეობა, რძის გადამამუშავებელი საწარმო და პირუტყვის საკვების მწარმოებელი საწარმო შედის.
პრემიერმინისტრმა სამცხე–ჯავახეთში ვიზიტი ბორჯომში დაასრულა, სადაც ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო “ქრაუნ პლაზა ბორჯომი” გახსნა.