ორდღიანი დაპირისპირების შემდეგ, მუსლიმ და ქრისტიან თემს შორის, შეთანხმება შედგა. სოფელ ადიგენში ორივე კონფესიის წარმომადგენლებისთვის ახალი, საერთო სასაფლაო გაიხსნება, რომლის ერთ მხარეს მუსლიმები, მეორეზე კი ქრისტიანები დაიკრძალებიან. სასაფლაოს ორი შესასვლელი ექნება.
ამაზე მხარეები დღეს გამართულ დახურულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომელსაც რეგიონის და მუნიციპალიტეტის პირველი პირები, სოფელ ადიგენის მუსლიმი და ქრისტიანი მოსახლეობა და სასულიერო პირები ესწრებოდნენ. შეხვედრა ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მედიისთვის დახურული იყო. შედეგით ყველა მხარე კმაყოფილია.
მიმდინარე მოვლენებზე პირველი კომენტარი, სახელმწიფო რწმუნებულმა ორი
დღის შემდეგ, შეხვედრის დასრულებისას გააკეთა. აკაკი მაჭუტაძის
შეფასებით, ინციდენტი ხელოვნურად მართული და პროვოცირებული იყო.
შეთანხმების შემდეგ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა,
სასულიერო პირებმა, მუსლიმმა და ქრისტიანმა მოსახლეობამ ის ტერიტორია
დაათვალიერეს, სადაც საერთო სასაფლაო უნდა მოეწყოს. დღესვე, ყველა
მხარემ აღნიშნა, რომ კონფლიქტი ამოწურულია და სოფელ ადიგენში ორი
კონფესიის წარმომადგენლების თანაცხოვრება ძველებურად გაგრძელდება.
ამაზე პასუხისმგებლობა ადგილობრივმა მოსახლეობამ აიღო.