15 თებერვარვალს ქრისტიანულმა ეკლესიამ მირქმის საუფლო დღესასწაული იზეიმა. ეს დღე აღინიშნა რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარშიც, სადაც საზეიმო წირვა დეკონოზმა სტეფანემ და მღვდელმსახურმა გიორგიმ აღავლინეს.წირვის დასასრულს ტაძრის მღვდელმსახურმა მამა გიორგიმ მორწმუნეებს დღესასწაული მიულოცა და მრევლს მისი მნიშვნელობა განუმარტა. მისი თქმით, ძველად შობიდან მეორმოცე დღეს ტაძრად ყრმის მიყვანა და მის სახელზე მსხვერპლის შეწირვა ხდებოდა. მაცხოვრისათვის იოსებმა ორი მტრედი შესწირა.
გადმოცემის თანახმად, ყრმა იესო სვიმეონ მიმრქმელმა გულში ჩაიკრა, რამეთუ მას ჩვენება ჰქონდა, რომ მანამ არ აღესრულებოდა, სანამ მაცხოვარს არ იხილავდა.
მირქმა, იგივე მიგებება, ქრისტიანული ეკლესიის ერთ–ერთი უძველესი დღესასწაულია, თუმცა მეექვსე საუკუნემდე განსაკუთრებული ზეიმით არ აღინიშნებოდა. 528 წელს იმპერატორ იუსტინიანეს დროს, ანტიოქიაში საშინელი მიწისძვრა მოხდა. ერთ უბედურებას მეორეც დაერთო და ქვეყანაში შავი ჭირი გავრცელდა, რის შედეგადაც ყოველდღიურად ათასობით ადამიანი იხოცებოდა. განსაცდელის დროს ერთ კეთილმსახურ ქრისტიანს ეუწყა, რომ მირქმის დღესასწაული უფრო საზეიმოდ აღენიშნათ. როდესაც ამ დღეს ღამისთევის ლოცვები და ლიტანიობა აღასრულეს, ბიზანტიაში უბედურებათა წყება შეწყდა.
ღვთისადმი მადლიერების ნიშნად, ეკლესიის განჩინების საფუძველზე, მირქმა საზეიმოდ 544 წლიდან აღინიშნება.