ადიგენის 2016 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია. მუნიციპალიტეტის დეპუტატებმა მთავარ ფინანსურ დოკუმენტს კენჭი დღეს, საკრებულოს სხდომაზე უყარეს. ბიუჯეტის დამტკიცების მომხრე 17, ხოლო მოწინააღმდეგე ორი დეპუტატი იყო. ერთ–ერთმა მათგანმა კი თავი შეიკავა.
3 783 400 ლარით ადიგენის ბიუჯეტი დამტკიცებულია. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში, მთავარ ფინანსურ დოკუმენტს კენჭი 30–დან 20–მა დეპუტატმა უყარა, აქედან ბიუჯეტს მხარი 17–მა მათგანმა დაუჭირა. საკრებულოს ორი წევრისთვის პროექტი მიუღებელი აღმოჩნდა, ერთმა დეპუტატმა კი თავი შეიკავა.
გამგეობაში აცხადებენ, რომ მომავალ წელს ინფრასტრუქტურული მიმართულებით 1 184 300 ლარი დაიხარჯება. ფინასური დოკუმენტის მიხედვით, შემდეგი პრიორიტეტი საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურებასა და დანამატებს ენიჭება, რისთვისაც 2 მილიონამდე ლარია განსაზღვრული. 295 600 ლარი მოხმარდება ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებებს.
ადიგენის მთავარი ფინანსური დოკუმენტის დამტკიცებისათვის მხარი არ დაუჭერიათ, საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს. თემურ ფეიქრიშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტში ხალხის ინტერესები გათვალისწინებული არ არის, ამასთან ერთად მათთვის პროექტი ბუნდოვანია. დეპუტატს შენიშვნები სხდომაზე, გამგეობის თანამშრომლების გადამზადებასთან დაკავშირებითაც ჰქონდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის თქმით, სახელმწიფოს მათთვის სპეციალური პროგრამა აქვს შემუშავებული და მუნიციპალიტეტიდან თანხის დახარჯვას არამიზნობრივად მიიჩნევს.
2016 წლის ბიუჯეტში თანხები საერთოდ არ არის გათვალსიწინებული, წინა წლებში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვასა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსურ უზრუნველყოფაში. რატი ტატალაშვილი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტმა მას შემდეგ მიიღო, რაც უზენაესი სასამართლოს განაჩენი გახდა ცნობილი. იმ მიზნით რომ გამგეობას ყოფილი თანამშრომლებისათვის განაცდური არ აენაზღაურებინა. თუმცა მისივე თქმით, მუხლში თანხები გათვალისწინებული აუცილებლად უნდა იყოს.
ბიუჯეტის დამტკიცების გარდა, დეპუტატებმა სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული კიდევ ორი საკითხი განიხილეს. თავმჯდომარის განმარტებით, მიმდინარე წელს, ეს ბოლო საკრებულოს სხდომა იყო.