საქართველოს პრემიერ–მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო განცხადება სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელობის პერიოდი მან პოზიტიურად შეაფასა და აღნიშნა, რომ მოცემულ პერიოოდში, ქვეყნისთვის მრავალი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ღარიბაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება ევროინტეგრაციის პროცესსა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე გაამახვილა.
,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მაკა სუდაძე ამბობს, რომ პრემიერის გადადგომა 2016 წლის მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება და ამით მმართველ ძალას სურს მოსახლეობის ნდობა დაიბრუნოს. მისივე თქმით, საკადრო ცვლილება საქართველოში არსებულ ვითარებას ვერ შეცვლის, რადგან ქვეყანას რეალურად ერთი პირი – ბიძინა ივანიშვილი მართავს.
ახალი პოლიტიკური ცენტრის ,,გირჩის“ რეგიონულ ოფისში მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში რეალური ცვლილებები მხოლოდ მას შემდეგ განხორციელდება, რაც პოსტს არა მხოლოდ ერთი პიროვნება, არამედ მთლიანად მმართველი გუნდი დატოვებს. რეგიონული კოორდინატორი კობა გორგოძე პრემიერობის სავარაუდო კანდიდატებსაც უნდობლობას უცხადებს.
,,გაერთიანებული დემოკრატიული“ მოძრაობის საომცხე–ჯავახეთის კოორდინატორი ამბობს, რომ პრემიერის გადადგომის მიზეზი, მისი ვერ შესრულებული დაპირებები გახდა. ჯიმშერ გოგოლაურის თქმით, რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებაში, სადაც პრემიერმა შესრულებული საქმიანობა შეაჯამა, ყურადღება არ გაამახვილა: უმუშევრობის დაძლევის, სამართლიანობის აღდგენისა თუ მიგრაციის მაჩვენებლის ზრდაზე, თუმცა აღნიშნული საკითხების მოგვარება მის წინასაარჩევნო დაპირებას წარმოადგენდა.
პრემიერ– მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, განსხვავებული მოსაზრებები აქვთ ახალციხის მაცხოვრებლებს. ადგილობრივების უმრალესობა პოლიტიკურ თემაზე საუბარს კამერის წინ გაურბის, ნაწილი ფიქრობს, რომ 3 წლის განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყანას არაეფექტურად მართავდა, ნაწილი კი მის მუშაობას წარმატებულს უწოდებს.
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე 2013 წლის 20 ნოემბერს აირჩიეს. მან ამ თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილი შეცვალა. მანამდე ღარიბაშვილი იყო საქართველოს შს მინისტრი, ხოლო უფრო ადრე, ბიძინა ივანიშვილის ფონდ “ქართუს” ხელმძღვანელი. საქართველოს კონსტიტუციის მიხედით, პრემიერ-მინისტრის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტა, ავტომატურად, მთავრობის წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას იწვევს. პრეზიდენტი შვიდი დღის ვადაში საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან შეთავაზებულ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს წარადგენს. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შვიდი დღის ვადაში მინისტრთა კანდიდატურებს შეარჩევს და ნდობის მისაღებად პარლამენტს წარუდგენს.