ილია სიდამონიძის შესაძლო ცემის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გამოძიება დაიწყო. ახალციხის ციხის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ადასტურებს, რომ გუშინ 22 დეკემბერს, ახალციხის რაიონულ სამმართველოში დაკითხვაზე დაიბარეს. ინციდენტთან დაკავშირებით, მას ჩვენება ჩამოართვეს.
დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ერთ–ერთია, ვინც ახალციხის ციხის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისა და დირექტორის მოადგილის მეუღლის დაპირისპირებას შეესწრო. სოფიო კაზაროვი იხსენებს, რომ 18 დეკემბერს, დაახლოებით 17:45 საათზე დირექტორის კაბინეტიდან ხმაური გაიგეს. მისივე თქმით, ახალციხის ციხის დირექტორის მოადგილის მეუღლე ილია სიდამონიძეს ხმამაღლა ესაუბრებოდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.
გიდმა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გიგი რუხაძე კაბინეტიდან გამოიყვანეს, რა დროსაც მან ხელი აიქნია და სიდამონიძეს კისრის არეში მოხვდა. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს რუხაძისთვის ხელი არ შეუბრუნებია.
სოფიო კაზაროვისგან განსხვავებით, ხმაური და დაპირისპირება არ გაუგია საფინანსო სამსახურის უფროსს, რომელიც იმ დროს სამსახურში იმყოფებოდა. ია ხუციშვილი ამბობს, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ მოგვიანებით, თანამშრომლებისგან შეიტყო.
ილია სიდამონიძემ კომენტარზე უარი განაცხადა, თუმცა ,,მე–9 არხთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ გიგი რუხაძე მას ხელით არ შეხებია და სიტყვიერ დაპირისპირებას მხოლოდ რუხაძის მხრიდან ჰქონდა ადგილი. თანამშრომლის მეუღლე არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს იმას ედავებოდა, რატომ არ მიიღებდა საახალწლო პრემიას ახალციხის ციხის ყველა თანამშრომელი.
შემთხვევის დროს რუხაძის მეუღლე, ნათია ხუციშვილი სამსახურში არ იმყოფებოდა. დირექტორის მოადგილე ,,მე–9 არხთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ აღნიშნულ საკითხზე ილია სიდამონიძესთან არ უსაუბრია რადგან ჩათვალა, რომ მხოლოდ მცირე გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. ნათია ხუციშვილი იმასაც გამორიცხავს, რომ მის მეუღლეს სიდამონიძესთან კამათი, პრემიების საკითხზე მოსვლოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ–ის 125–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ასოციდან ასოთხმოც საათამდე, ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე.