ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დამტკიცდა. მთავარი ფინანსური დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი საკრებულოს სხდომაზე განიხილეს. მის მიღებას ოპოზიციური პარტიის დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს. დღესვე იმსჯელეს მომავალი წლის სოციალური პაკეტის გაცემის წესზეც.
10 მომხრე და 4 წინააღმდეგი, ქალაქ ახალციხის 2016 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია. მთავარ ფინანსურ დოკუმენტს დეპუტატებმა კენჭი დღეს უყარეს. ქალაქის მერის განმარტებით, 2015 წელთან შედარებით, მომავალი წლის ბიუჯეტი მილიონი ლარით მეტს შეადგენს. მთავარი პრიორიტეტები ინფრასტრუქტურული, სოციალური და საგანმანათლებო მიმართულებები იქნება. გიორგი კოპაძე დონორი ორგანიზაციებიდან დამატებით მილიონ 700 000 ლარს ელოდება.
ქალქის ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს, საკრებულოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ამბობს, რომ მთავარ ფინანსურ დოკუმენტს არცერთ ნაწილში ეთანხმება, რადგან მიიჩნევს, რომ იგი ახალციხის განვითარებაზე მორგებული არ არის. ბიუჯეტისთვის მხარი არ დაუჭერია არც „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელს.
მომავალი წლის ქალაქის ბიუჯეტის განხილვისას, „ნაციონალურ მოძრაობას“ წერილობით, არცერთი რეკომენდაცია წარუდგენია. მალხაზ გიქოშვილი ამბობს, რომ აღმასრულებელი ორგანო აღნიშნულს მაინც არ გაითვალისწინებდა. რა კონკრეტული რეკომენდაციები შეიტანეს დეპუტატებმა ბიუჯეტში განხილვის დროს? –ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად არაერთი მცდელობის შემდეგ, „მეცხრე არხმა“ საკრებულოსგან, რეკომენდაციების ზოგადი ჩამონათვალი წერილობით მიიღო. თუმცა რეკომენდაცია საკრებულოს დანამატების შესახებ, რომელიც ქალქის მერიამ დააკმაყოფილა და 80 ათასი ლარით განსაზღვრა, დოკუმენტში ნახსენები არ არის.
საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა სულ შვიდი საკითხი განიხილეს, მათ შორის იყო 2016 წლის ბიუჯეტში სოციალური დახმარების გაცემის წესი. ცნობილი გახდა, რომ ონკოლოგიურ დაავადებულთა პაკეტი 500 ლარით გაიზარდა. გარდა ამისა, პაკეტში ჩაისვა ფარისებრი ჯირკვლის დაავადების გამოკვლევების დაფინანსება – 200 ლარით, ასევე დაემატა ახალი მუხლი, რომლის მიხედვითაც თვალის ლაზერულ გამოკვლევასა და მკურნალობას მერია 500 ლარით დააფინანსებს.
მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 9 მილიონ 887 700 ათასი ლარით დამტკიცდა. 2016 წლის ბიუჯეტისა გარდა, საკრებულოს სხდომის ერთ–ერთი მთავარი საკითხი ახალციხის ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების 2016–2020 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება იყო.