,,ახალციხის ციხის” 16 თანამშრომელი, იანვრიდან, ისტორიულ კომპლექსში მუშაობას ვეღარ გააგრძელებს. ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ გიდებს, მეთვალყურეებს და მარეგულირებლებს ხელშეკრულება, რომელიც დეკემბერში უსრულდებათ, აღარ გაუგრძელოს. ამ გადაწყვეტილებას იმ პირების უკმაყოფილება მოჰყვა, ვინც ახალციხის ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს. დეტალებს ,,მე–9 არხის“ კორესპონდენტი არკვევდა.
სახლში წასვლა ახალციხის ციხის 16 თანამშრომელს მოუწევს. გიდების გარდა, ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდებათ მარეგულირებლებსა და მეთვალყურეებს. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მიზეზი ორია – ახალციხის ციხეს არ აქვს საკმარისი ბიუჯეტი და კიდევ, ზამთარში ტურისტების რაოდენობა მცირეა, შესაბამისად, 15 გიდი საჭირო აღარ არის. 31 დეკემბერი ბოლო სამუშაო დღე იქნება 9 გიდისთვის, სამი მეთვალყურისთვის, რომელთა მოვალეობაც მუზეუმში ექსპონანტების დაცვაა და 4 მარეგულირებლისთვის, რომლებსაც ვიზიტორების ნაკადის დარეგულირება ევალებათ. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ვიზიტორებს შტატში მყოფი 6 გიდი მოემსახურება.
მას შემდეგ, რაც ახალციხის მერიამ, 2015 წლის ბიუჯეტი ახალციხის ციხეს 400 ათასიდან 200 ათას ლარამდე შეუმცირა, ციხის ადმინისტრაციამ შეამცირა შტატები და ხელფასები. განახევრებული ბიუჯეტის მიუხედავად, გიდებსა და მეთვალყურეებს ხელშეკრულება არც ერთი დღით არ შეწყვეტიათ. 2016 წლის ახალციხის ციხის ბიუჯეტი იგივე დარჩა, დაახლოებით, 100 ათასი ლარით მეტი მიიღო ციხემ ვიზიტორებისგან, მიუხედავად ამისა ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ამჯერად 16 თანამშრომლის შენარჩუნებას ვერ მოახერხებენ.
ის, რომ ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდებათ, ახალციხის ციხის თანამშრომლებმა, ,,მე–9 არხის“ გადამღები ჯგუფისგან შეიტყვეს. ისინი ირწმუნებიან, რომ ხელმძღვანელობას მათთან ამ თემაზე არ უსაუბრია. საპირისპიროს ამბობენ ადმინისტრაციაში.
მას შემდეგ, რაც თანამშრომლებმა გაარკვიეს, რომ 16 მათგანს ხელშეკრულება აღარ გაუფორმდებოდა, სიტუაციის გარკვევა ადმინისტრაციაში სცადეს. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან საუბარში გაირკვა, რომ სხვა თანამშრომლებისგან განსხვავებით, ორ მეთვალყურეს ხელშეკრულება გაზაფხულიდან არ გაუფორმდებათ
მუზეუმის დირექტორი კომენტარს არ აკეთებს, თუმცა პირად საუბარში აღნიშნავს, რომ ორ მეთვალყურეს ხელფასს ვერ გადაუხდის. თუ მუზეუმი სათანადოდ ვერ იმუშავებს, ამით ახალციხის ციხე დაზარალდება, რადგან ვიზიტორების მიერ მუზეუმის დათვალიერებისთვის გადახდილი ფული სწორედ ციხის ბიუჯეტში შედის.
თანამშრომლებისა და ადმინისტრაციის დაპირისპირების კიდევ ერთი მიზეზი 11 600 ლარი – დეკემბრის თვის პრემიის საკითხი იყო. ახალციხის ციხის 76 თანამშრომლიდან, საახალწლოდ 200–ლარიან პრემიას, 58 მათგანი აიღებს. ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ გიდებმა და მეთვალყურეებმა პრემია და დანამატი ზაფხულში მიიღეს, ამჯერად ის თანამშრომლები წახალისდებიან, ვისაც პრემია ჯერ არ მიუღია.
საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ გიდები, რომლებსაც ხელშეკრულება აღარ უფორმდებათ. თუმცა პირად საუბარში არ გამორიცხავგენ, რომ აღნიშნულ საკითხზე ქალაქის მერსაც შეხვდნენ. კომენტარს არ აკეთებენ ახალციხის მერიაში.