იძულებით გადაადგილებულ პირებს ახალციხეში საცხოვრებელი ფართი გადაეცათ. ბინის გასაღები მათ დევნილთა და განსახლების მინისტრმა და ახალციხის მერიის პირველმა პირებმა გადასცეს. ფართის გადაცემის პროცესმა ხმაურის ფონზე ჩაიარა. დევნილთა ნაწილმა ბინები ვერ მიიღეს, რამაც მათი უკმაყოფილება გამოიწვია.
ირმა ჩაკაბერია ახალ წელს ახალ საცხოვრებელ ფართში შეხვდება. ოთხსულიანი ოჯახის დიასახლისი ოროთახიან ბინაში პირველად დევნილთა და განსახლების მინისტრთან ერთად შევიდა. იგი ამ დრომდე ნათესავთან ცხოვრობდა. უკვე საკუთარ ფართში ირმა ჩაკაბერია ოჯახთან ერთად ორ დღეში გადავა.
იძულებით გადაადგილებულ 26 ოჯახს ახალციხეში ბინის გასაღები დევნილთა და განსახლების მინისტრმა და ახალციხის მერიის პირველმა პირებმა გადასცეს. მათი უმეტესობა ნაქირავებ ბინებში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა. სამინისტრომ დევნილებისთვის რუსთაველის 113 ნომერში მდებარე კორპუსი გაარემონტა. რეაბილიტირებულ შენობაში სულ 66 ბინაა, აქედან 13 – ერთოთახიანია, 35 – ოროთახიანი და 18 – სამოთახიანი.
ბინების გადაცემამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა შორის კენჭისყრა ჩატარდა, რომლის მეშვეობითაც გამოვლინდა, ვინ რამდენოთახიან ბინას და რომელ სართულზე მიიღებდა. ახალმოსახლეებს შორის ვერ მოხვდა ახალციხეში რეგისტრირებული 40–მდე ოჯახი, რამაც უბინაოდ დარჩენილთა უკმაყოფილება გამოიწვია.
ცენტრალურ უწყებაში განმარტავენ, რომ ახალციხეში იძულებით გადაადგილებულ პირთათვისთვის, კიდევ 30–მდე ბინაა განსაზღვრული. სპეციალური კომისია საცხოვრებელი ფართის დევნილებისათვის გადაცემის საკითხზე, ოჯახთა საჭიროებების მიხედვით იმსჯელებს. ახალციხის მერის განმარტებით, ქალაქში არსებობს შეობები, რომელთა გარემონტების, შემდეგ იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახლება შესაძლებელია. რაც შეეეხება უკვე რეაბილიტირებულ კორპუსს, გიორგი კოპაძე აღნიშნავს, რომ ახალმოსახლეები უახლოეს ხანში ბუნებრივ აირს მიიღებენ . გარდა ამისა, მომავალი წლისთვის ქალაქის თვითმმართველობა საავტომობილო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასაც გეგმავს.
რუსთაველის №113–ში მდებარე კორპუსის რეაბილიტაცია 2014 წლის აპრილის თვეში დაიწყო. სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „სენმა“ განახორციელა. პროექტის სატენდერო ღირებულებამ 763 983 ლარი შეადგინა. იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის თარიღმა, სხვადასხვა მიზეზით, რამდენჯერმე გადაიწია.