საქართველომ ვიზალიბერალიზაციის გეგმა წარმატებით შეასრულა– ევროკომისიის ანგარიში საზოგადოებისთვის ცნობილი დღეს გახდა. დოკუმენტის მიხედვით, ქვეყანამ ყველა ნაკისრი ვალდებულება შეასრულა, რაც პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისათვის, რომ საქართველოში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდეს.
„კომისია მიიჩნევს, რომ საქართველომ ყველა საჭირო მოთხოვნა შეასრულა და ყველა რეფორმა განახორციელა დანარჩენი ნიშნულების ეფექტიანი და მდგრადი შესრულებისთვის“– მსგავსი შეფასება საქართველომ ევროკომისიისგან მიიღო. ანგარიში ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, დღის მეორე ნახევარში გამოქვეყნდა. საკითხს სპეციალური პრესკონფერენცია მიუძღვნა ევროკავშირის ელჩმა.
ვიზალიბერალიზაციის გეგმის წარმატებით შესრულება ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის ამოქედების წინაპირობაა. საკითხმა ახალციხის მოსახლეობაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია. მათი ურავლესობა მიიჩნევს რომ უვიზო რეჟიმი ქვეყნისთვის აუცილებელი იყო, ნაწილის აზარით კი ქვეყანამ კურსი არასწორად აირჩია.
ბიზნეს პარტნიორების მოძიება, სამედიცინო მკურნალობა ევროპის ქვეყნებში, ტურისტული ტურები გამარტივდება– ასე აფასებენ ახალციხეში მოქმედი არასამთავრობოები ვიზალიბერალიზაციის გეგმის წარმატებით შესრულებასა და დადებითი პოლიტიკური გადაწყვეტილებების შემთხვევაში, უვიზო რეჟიმის ამოქმედებას. ,,ტოლერანტის“ ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი ამბობს, რომ საზოგადოების ნაწილს მცდარი მოსაზრება აქვს, როცა ფიქრობს, რომ უვიზო მიმოსვლა ქვეყნიდან ახალგაზდრების გადინებას ხელს შეუწყობს და საფრთხე დაემუქრება ქართულ კულტურას, ტრადიციებსა და სახელმწიფო ენას.
,,დემოკრატ მესხთა კავშვირის“ ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესისგან საზოგადოება უფრო მეტს მოელის, ვიდრე ეს რეალურად არის შესაძლებელი. გიორგი ანდღულაძის თქმით, თუკი უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება, ევროპასთან დასაახლოებლად ქვეყანა ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს. პროცესის ერთადერთ უარყოფით მხარედ კი იგი არალეგალური მიგრანტების საკითხს მიიჩნევს.
იმისათვის, რომ საქართველომ უვიზო მიმოსვლა შეძლოს, ევროკავშირის საბჭოს მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო. პროცედურულად, ევროკომისია მინისტრთა საბჭოსა და ევროპის პარლამენტს რეკომენდაციით მიმართავს, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხს კენჭი უყაროს. ევროპარლამენტი გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობით იღებს და მინისტრთა საბჭოს კენჭისყრისთვის უგზავნის. ძალაში შესვლის შემდეგ ვიზალიბერალიზაცია ბიომეტრული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონასა და ოთხ კანდიდატ ქვეყანაში (ბულგარეთში, კვიპროსში, რუმინეთში, ხორვატიაში), 180-დღიან ვადაში, 90 დღით უვიზო მიმოსვლის საშუალებას მისცემს.