ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შენობა დაცალეს. ისინი სასწავლო პროცესს მეექვსე და მესამე სკოლებში აგრძელებენ. მოსწავლეებისა და ადმინისტრაციის გამოსახლება სარეაბილიტაციო სამუშაოებმა გამოიწვია.
ახალციხის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეების ნაწილი, გაკვეთილების შემდეგ, სახელოვნებო წრეებსა და რეპეტიტორებთან სიარულს ვეღარ ახერხებს. მიზეზი – სასწავლო პროცესის შეცვლილი ადგილი და დრო გახდა. სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, უკვე მესამე დღეა 950–მდე მოსწავლე, მესამე და მეექვსე საჯარო სკოლებში, მეორე ცვლაში სწავლობს. მათთვის სასწავლო პროცესი 14:00 საათზე იწყება და საღამოს შვიდის ნახევარზე მთავრდება.
პირველი საჯარო სკოლის დირექტორის თქმით, რეაბილიტაციის ხელშეკრულებას ხელი 19 ნოემბერს მოეწერა. კითხვაზე, რატომ დაიწყო სამუშაოები ზამთრის პერიოდში, მაშინ როცა არდადეგებამდე 3 კვირაა დარჩენილი, ჟუჟუნა გოგოლაური განმარტავს, რომ პროექტიც და აღნიშნული გადაწყვეტილებაც მილენიუმს ეკუთვნის. დირექტორმა სკოლის დაცლის შესახებ ბრძანება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან გასულ კვირას მიიღო. გოგოლაური აქვე აღნიშნავს, რომ შენობის რეაბილიტაციისათვის ტენდერი აგვისტოს თვეშიც გამოცხადდა, გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა და შენობა იმ პერიოდშიც დაცალეს, თუმცა საბოლოოდ ტენდერი ჩაიშალა და სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება ამ მიზნით დაგვიანდა.
პირველი საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაციას ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია ახორციელებს. გრანტი, რომელიც აშშ–მა საქართველოს საგანმანათლებლო პროგრამებისათვის გამოუყო მთლიანობაში 140 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტის ერთ–ერთი მიმართულების, ზოგადი განათლების ფარგლებში, ქვეყნის სამ რეგიონში, 15 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მოხდება. ახალციხის პირველ სკოლასთან ერთად, სამცხე–ჯავახთში განახლდება განძისა და კარტიკანის სკოლებიც. კორპორაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ აღნიშნულ სამუშაოებზე ტენდერი ერთობლივად გამოცხადდა, ამიტომ კონკრეტულად რა თანხა უნდა დაიხარჯოს ახალციხის სკოლის რეაბილიტაციისათვის უცნობია. მეორედ გამოცხადებულ ტენდერში შპს ,,ინტერ პლიუსმა“ გაიმარჯვა. კონკრეტულ სამუშაოებს ადგილზე შუამავალი კომპანია ,,ეპტისა“ განახორციელებს.
პროექტის მიხედვით, შენობის რეაბილიტაცია 6 თვის ვადაში უნდა დასრულდეს, თუმცა სკოლის დირექტორი ამბობს, რომ რეაბილიტირებულ სკოლაში სასწავლო პროცესი სექტემბრიდან განახლდება. პირველი საჯარო სკოლის 180 წლის შენობა 3სართულიანია. პროექტის მიხედვით, პირველ სართულზე 9, მეორეზე 11, ხოლო მესამე სართულზე 16 საკლასო ოთახი განთავსდება. გაიხსნება საგნობრივი კაბინეტებიც, თუმცა პროექტში შენობის სახურავის შეცვლა გათვალისწინებული არ არის.