ახალციხეში მცხოვრები თემურ კაპანაძე სამშენებლო კომპანია „ზერო+“ უყურადღებობაში ადანაშაულებს. თბილისში ერთ–ერთი შენობის დემონტაჟზე დასაქმებულს ხუთი სინკარი დაეცა, რამაც ქვედა კიდურების მოტეხილობები გამოიწვია. დაზარალებული „მეცხრე არხთან“ სამშენებლო კომპანიის მხრიდან უსაფრთხოების ზომების დარღვევაზეც საუბრობს. შპს „ზერო+“–თან დაკავშირებას „მეცხრე არხი“ ერთი კვირაა ცდილობს.
60 წლის თემურ კაპანაძე ხუთი თვეა საწოლსაა მიჯაჭვული. ქვედა კიდურებზე მრავლობითი მოტეხილობები აქვს და ამ დროისათვის რეაბილიტაციას სახლში გადის. დაზარალებული „მეცხრე არხთან“ ჰყვება, რომ შემთხვევა მიმდინარე წლის ივლისის თვეში, თბილისში მოხდა. იგი სამშენებლო კომპანია „ზერო+“–ში მუშაობდა. ერთერთი შენობის დემონტაჟის დროს ხუთი სინკარი დაეცა, რამაც ქვედა კიდურების მოტეხილობები გამოიწვია. ჩატარებული ოპერაციების მიუხედავად, დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია.
თეიმურაზ კაპანაძე „მეცხრე არხთან“ სამშენებლო კომპანიიის მხრიდან უსაფრთხოების წესების დარღვევაზე საუბრობს და ამბობს, რომ მისი დაზარალება სწორედ ამან გამოიწვია. იგი ხელმძღვანელობას უყურადღებობაში ადანაშაულებს. თემურ კაპანაძის თქმით, ხუთი თვის განმავლობაში „ზერო+“–ის წარმომადგენლებს არც ერთხელ მოუკითხავთ და შესაბამისად, მისთვის არც დახმარება აღმოუჩენიათ, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახმა მათთან დაკავშირება არაერთხელ სცადა.
კომპანიას, კაპანაძისათვის ამ დრომდე არ აუნაზღაურებია, ბოლო სამი
თვის სამუშაო საათები, რომელიც 1500 ლარზე მეტს შეადგენს. მიუხედავად
იმისა, რომ დაზარალებულმა სამი ოპერაცია სახელმწიფოს დაზღვევით
ჩაიტარა, ოჯახის წევრების თქმით, მედიკამენტების შეძენაში, ამ დრომდე
დიდი რაოდენობით თანხა ეხარჯებათ. იმისათვის რომ თემურ კაპანაძემ
სიარული ისევ შეძლოს, ექვს თვეში კიდევ ერთი ოპერაციის ჩატარება
უწევს. ოჯახი შპს „ზერო+“–ისგან ყურადღებასა და დარჩენილი თანხის
ანაზღაურებას ითხოვს წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი სასამართლოსათვის
მიმართვას აპირებენ.
სამშენებლო კომპანია „ზერო+“ თბილისში ფუნქციონირებს. როგორც
დაზარალებულმა განგვიმარტა, იგი ძირითადად გამოუყენებელი შენობების
დემონტაჟს ახორციელებს. დამსაქმებელი კომპანიის ხელმძღვანელობასთან
დაკავშირებას „მეცხრე არხი“ ერთი კვირაა ცდილობს, თუმცა უშედეგოდ.
კაპანაძეების ოჯახის ბრალდებებზე პასუხის გასაცემად, „ზერო+“ –ის
დირექტორისგან გელა გელაშვილისაგან კომენტარის მოპოვება „ექომ“
ელექტრონული ფოსტის საშუალებითაც სცადა, თუმცა კომენტარი ვერც ამ გზით
მიიღო.
საუბრის დასასრული