ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, სოფლებში მცხოვრებ შშმ პირთა მონახულება, წყრუთში მცხოვრები პოზოიანების ოჯახიდან დაიწყო. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ გარდა, კიდევ 14 ბენეფიციართან მივიდნენ და სურსათი და საკონდიტრო ნაწარმი გადასცეს. ზაზა მელიქიძის თქმით, საკვები პროდუქტების გარდა, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 153 პირს, ვისაც პირველი ჯგუფის ინვალიდის, ან პირველი და მეორე ჯგუფის მხედველობითი ინვალიდის სტატუსი აქვს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ერთჯერადად, 75 ლარი ჩაერიცხება.
საკონდიტრო ნაწარმი, მცირე საოჯახო ტექნიკა და 300 ლარი ერგო ახალციხეში მცხოვრებ 30 შშმ პირს ახალციხის მერიისგან. აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები რამდენიმე მათგანს ოჯახში ეწვივნენ და მათ პრობლემებზე ესაუბრნენ. ყოფილ ფეხბურთელს, რუბენ აკოფიანს, სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, მადლობის სიგელი გადასცეს. ქალაქის მერი, ბენეფიციარებს, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში ჩართვას შეპირდა.
3 დეკემბერი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღედ, გაეროს ინიციატივით, 1992 წლიდან დაწესდა. მსოფლიოში 600 მილიონზე მეტი შშმ პირია, რაც მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 15% შეადგენს. საქართველოში, არაოფიციალური სტატისტიკით, 300 000–ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ცხოვრობს. ისინი სახელმწიფოსგან, ერთჯერადი დახმარების გარდა, ადაპტირებულ ინფრასტრუქტურას და ცხოვრების თანაბარ პირობებს ითხოვენ.