გაფიცული მუშახელი საპროტესტო აქციას აგრძელებს. სამხრეთ კავკასიური გაზსადენის გაფართოების პროექტის ფარგლებში დასაქმებულები დღეს 06:15 საათზე შეიკრიბნენ. გეგმის მიხედვით, მათ ობიექტზე ხელმძღვანელობა არ უნდა შეეშვათ. თუმცა როგორც გაფიცული თანამშრომლები “მეცხრე არხთან” აცხადებენ, უფროსების ნაწილი სამსახურში მანმდე მივიდა, სანამ აქციის მონაწილები გზას გადაკეტავდნენ.
უკვე გაიმართა ხელმძღვანელობასა და აქციის ლიდერებს შორის მოლაპარაკება. “ბეხტელ ენკა”–ს წარმომადგენლები შემცირებული სამუშაო საათის აღდგენას დაპირდნენ, თუმცა გაფიცული თანამშრომლები პოზიციების დათმობას არ აპირებენ. შესაბამისად, შეთანხმებაზე მათ უარი განუცხადეს.
აქციის მონაწილეების თქმით, გაფიცულთა შორის ამ დროისათვის შიდამოლაპარაკება მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ თანამშრომლები შემცირებული საათებისა და ხელფასის გაზრდას, შაბათ დღეს ანაზღაურების გაორმაგებასა და კვების პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.